აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტების, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის ვიზების წესებს ამკაცრებს. ახალი რეგულაცია, რომელიც ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღეში ამოქმედდება, F, J და I კატეგორიის ვიზებზე მოქმედების ფიქსირებულ ვადებს აწესებს.
ცვლილებების მიხედვით, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მაქსიმალური ვადა ოთხი წელი იქნება, ხოლო ჟურნალისტების ვიზების მოქმედება 240 დღემდე შემცირდება (ჩინეთის მოქალაქეებისთვის — 90 დღემდე). ასევე, სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ აშშ-ის დასატოვებლად 30 დღე ექნებათ ნაცვლად დღემდე არსებული 60 დღისა.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი ვიზების მფლობელებზე ზედამხედველობის გამკაცრებაა, რადგან 2024 წელს სტუდენტური ვიზით ქვეყანაში 1.8 მილიონზე მეტი ადამიანი შევიდა. თუმცა, ყოფილი მაღალჩინოსნები და საიმიგრაციო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი წესები საერთაშორისო სტუდენტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს შექმნის.