აზერბაიჯანი რუსეთის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს უახლოეს მომავალში აღადგენს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოსკოვში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაირამოვის თქმით, საუბარია იმ მარშრუტებზე, რომლებზეც შეზღუდვები 2024 წლის დეკემბერში, Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ დაწესდა. მინისტრს კონკრეტული ქალაქები და ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.
რატომ შეჩერდა ფრენები?
2024 წლის 25 დეკემბერს Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ბაქოდან რუსეთის ქალაქ გროზნოში მიფრინავდა. Embraer 190-მა დანიშნულების ადგილზე დაშვება ვერ შეძლო და საბოლოოდ ყაზახეთის ქალაქ აქტაუს სიახლოვეს ჩამოვარდა.
ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა, 29 კი გადარჩა.
ავიაკატასტროფის შემდეგ აზერბაიჯანულმა ავიაკომპანიამ თავდაპირველად ბაქოსა და გროზნოს, ასევე ბაქოსა და მახაჩყალის დამაკავშირებელი რეისები შეაჩერა. მოგვიანებით, უსაფრთხოების მიზეზებით, გაუქმდა ფრენები რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში.
შეზღუდვები შეეხო სოჭის, მინერალნიე ვოდის, ვოლგოგრადის, უფის, სამარის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ვლადიკავკაზისა და სარატოვის მიმართულებებს.
ფრენების შეჩერება 2024 წლის 28 დეკემბრიდან დაიწყო და დროებით ზომად გამოცხადდა. Azerbaijan Airlines-მა განმარტა, რომ გადაწყვეტილება კატასტროფის წინასწარ შედეგებსა და რუსეთის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაძლო რისკებს უკავშირდებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად დაზიანდა. Azerbaijan Airlines-მა კი გამოძიების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ კატასტროფა თვითმფრინავზე გარედან განხორციელებულ ფიზიკურ და ტექნიკურ ზემოქმედებას უკავშირდებოდა.
რუსეთის ხელისუფლება თავდაპირველად აცხადებდა, რომ საბოლოო დასკვნისთვის გამოძიების დასრულება იყო საჭირო.
ახლა აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ შეჩერებული მარშრუტების ნაწილი ეტაპობრივად აღდგება. თუმცა ჯერ უცნობია, რომელი ქალაქების მიმართულებით განახლდება რეისები პირველ ეტაპზე და როდის შესრულდება პირველი ფრენა.
გადაწყვეტილება შესაძლოა ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნაწილობრივ გაუმჯობესებაზე მიუთითებდეს. ავიაკატასტროფამ და მის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაძაბა.
https://apnews.com/article/a655474030a347a5a7ddda3a77bbeddc