ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტში, სხვა კომპანიებთან ერთად, შეზღუდვები 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ „საერთაშორისო გადარიცხვების ბანკზე“ (MRB Bank) გავრცელდება.

სანქციების განახლებულ პაკეტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ამის მიზეზად აღნიშნულია, რომ ბანკმა ოფისები გახსნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხერსონსა და ზაპორიჟიეში, სადაც მომხმარებელს საბანკო მომსახურებას, რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ სთავაზობს. გარდა ამისა, პაკეტში წერია, რომ ბანკმა რეგიონში გახსნა ბანკომატები და ფილიალს ამუშავებს ლუგანკშიც.

შედეგად, ევროკომისიამ მიიჩნია, რომ MRB ბანკის ფინანსური ქმედებები ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

„საერთაშორისო გადარიცხვების ბანკზე“ ვაშინგტონ პოსტი“ ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მოსკოვი თავს არიდებს დასავლეთის მკაცრ სანქციებს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ფინანსური ნაკადები აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე მიემართება ცხინვალიდან, სტალინის ქუჩიდან, სადაც განთავსებულია 2015 წელს დაარსებული „საერთაშორისო გადარიცხვების ბანკის“ ოფისი. მისი მეშვეობით ცხინვალში რეგისტრირებულმა 146-მა შპს-მ ხელი შეუწყო ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ ჯგუფებთან რუსეთის ვაჭრობას.

სანქციების მე-11 პაკეტზე ევროკავშირი 21 ივნისს შეთანხმდა - შეზღუდვები ჯამში 70 პირს შეეხება, მათ შორის იმათ, ვინც დაკავშირებული იყო უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციასთან, და, ასევე 30 კომპანიას.

გადაწყვეტილება ითვალისწინებს ბანკებისთვის იგივე სანქციების დაწესებას, რა ზომებიც წარსულში გამოიყენა ევროკავშირმა, მათ შორის, აქტივების გაყინვა და ეკონომიკურ რესურსებსა და ფონდებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა.

სანქციების განახლებული პაკეტის დამტკიცება ხვალ, 23 ივნისს იგეგმება.