ევროკავშირისა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებმა ზოგიერთი სექტორის, მათ შორის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის 15%-იანი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება ვერ უზრუნველყო.

ევროპელი ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები იმედოვნებდნენ, რომ ახალ საბაჟო გადასახადს თავს აარიდებდნენ. თუმცა, საბოლოოდ, აშშ-ის ბაზარზე შესვლისას ამ სექტორსაც მოუწევს 15%-იანი ტარიფის გადახდა. ეს მძიმე დარტყმაა ინდუსტრიისთვის, რომელმაც 2024 წელს აშშ-ში 4 მილიარდი ევროს ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები გაიტანა. ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციის შეფასებით, ახალი გადასახადი ექსპორტის ღირებულების მეოთხედის, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ზარალს გამოიწვევს.

ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებით მძიმედ განიცდის ზეწოლას. მაგალითად, შამპანურის მწარმოებლები აშშ-ში წელიწადში 30 მილიონ ბოთლს ყიდიან, რაც მთლიანი მოცულობის 10%-ს შეადგენს. ამ სექტორში სადაც 600,000 ადამიანია დასაქმებული, ყველა თანხმდება, რომ ინდუსტრია საფრთხის ქვეშაა. „ეს ძალიან ცუდი ამბავია, უდიდესი იმედგაცრუებაა“, — განაცხადა ფლორან მორილონმა, კონიაკის პროფესიონალთა ეროვნული ბიუროს (BNIC) პრეზიდენტმა, „ფრანსინფოსთან” ინტერვიუში.

„40 დოლარიანი ბოთლი 50 დოლარზე მეტი ეღირება“

„ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს ჩვენი კონიაკის აპელასიონისთვის და ზოგადად ყველა ფრანგული ვენახისთვის, რომელსაც ეს გადასახადი შეეხება“, — აღნიშნა მორილონმა. აშშ მოცულობის მიხედვით ფრანგული კონიაკის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2024 წელს ევროკავშირმა აშშ-ში 8 მილიარდი ევროს ღირებულების სპირტიანი სასმელები გაიტანა, მათ შორის 5 მილიარდი ევროს ღვინო. „ამ მომენტისთვის ჩვენი ბიზნესის 70% იბეგრება“, — აღნიშნა BNIC-ის პრეზიდენტმა.

ამერიკული ბაზრისთვის მთავარი შედეგი ფასების საშუალოდ 30 პროცენტიანი ზრდა იქნება. „40-დოლარიანი ბოთლი 50 დოლარზე მეტი ეღირება, რაც მომხმარებლისთვის აუტანელი იქნება“, — ამტკიცებს მორილონი, რომელიც ამავდროულად Hennessy-ის (LVMH-ის საკუთრებაში მყოფი ღვინის რეალიზატორი) ურთიერთობებისა და ინსტიტუციური საკითხების დირექტორია. „რეგიონში 70,000-ზე მეტი პირდაპირი და ირიბი სამუშაო ადგილია დაზარალებული, არაფერი რომ არ ვთქვათ კონიაკის რეგიონის 4,000 ვენახზე“, — განაცხადა მან.

„არაეფექტური ევროკავშირი“

გადასახადისგან გათავისუფლებას ვერც ღვინის სექტორმა მიაღწია. „ეს საკმაოდ სამწუხაროა და შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის არაეფექტიანობას უსვამს ხაზს. ეს მხოლოდ იმედგაცრუება არაა, ეს ეფექტიანობის ნაკლებობის მანიშნებელია“, — განაცხადა დავიდ ჟაგლმა, Ribeauvillé-ის ღვინის ქარხნის მენეჯერმა.

„ვინაიდან აშშ-ში ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებები გვქონდა ადგილობრივ მოთამაშეებთან. ახლა ეს მძიმე დარტყმა უფრო ევროკავშირის არაეფექტიანობით გამოწვეული იმედგაცრუებაა, ვიდრე თავად გადასახადის შედეგებით“, — აღნიშნა ჟაგლმა, თუმცა დასძინა, რომ ისინი ამისთვის მზად იყვნენ. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანი ჟენევარმა შეთანხმება გააკრიტიკა და მას „დაუბალანსებელი“ უწოდა.

1tv.ge