რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში, რომელიც ამ კვირაში განიხილება, 7 ჩინური კომპანიის შეყვანას აპირებენ. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
ეს კომპანიები ეჭვმიტანილები არიან რუსეთისთვის ისეთი ელექტრო კომპონენტების მიყიდვაში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღის დასამზადებლად. ზოგი მათგანი, მაგალითად - 3HC Semiconductors და King-Pai Technology უკვე ექვემდებარებიან აშშ-ს სანქციებს.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, 3HC-ს, რომელიც კომპიუტერულ ჩიპებს აწარმოებს, რუსეთის სამხედრო ან თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდასაჭერად, ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლა და ამერიკული წარმომავლობის საქონლის შეძენა ან შეძენის მცდელობა ედება ბრალად; King-Pai რუსეთს მიკროელექტრონულ აღჭურვილობას აწვდის, რომელსაც აქვს თავდაცვითი აპლიკაციები, მათ შორის საკრუიზო რაკეტების მართვის სისტემები.
ასევე სიაში შეიძლება მოხვდეს 5 ჰონგკონგური ფირმა, მათ შორის Sinno Electronics და Sigma Technology, რომლებიც ასევე აშშ-ს სანქციების ქვეშ არიან.
გამოცემა წერს, რომ ელექტრონულ კომპონენტებს, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, რუსეთი აქტიურად იყენებს.
ჯერჯერობით, ევროკავშირი თავს არიდებს სანქციებს ჩინეთის წინააღმდეგ და აცხადებს, რომ ვერ ხედავს რუსეთისთვის იარაღის გადაცემის მტკიცებულებებს. შემაკავებელი ზომები 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.