მომდევნო წლები შეიძლება დედამიწისთვის ყველაზე ცხელი და საშიში გახდეს — ასეთ პროგნოზს აკეთებენ მსოფლიოს წამყვანი მეტეოროლოგიური ორგანიზაციები.
ახალი ანგარიშის მიხედვით, 80%-ია იმის ალბათობა, რომ მსოფლიოში საშუალო წლიური ტემპერატურა მომდევნო ხუთ წელიწადში კვლავ რეკორდულად მაღალი იქნება და გადააჭარბებს 1.5-გრადუსიან გლობალურ ზღვარს, რომელიც 2015 წლის პარიზის კლიმატურ შეთანხმებაშია აღნიშნული.
თუ ათწლეულის ბოლომდე დედამიწაზე ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, გაცილებით სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი.
„მსოფლიო ალბათ კიდევ უფრო გათბება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში — ასეთია მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და ბრიტანეთის მეტეოსამსახურის მთავარი გზავნილი. ორივე ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რათა გაერკვიათ, რას უნდა ველოდოთ, როცა უკვე ორი წელია გლობალური ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულზეა. მიღებული შედეგები საკმაოდ მძიმე სურათს აჩვენებს — სავარაუდოდ, მომდევნო ხუთ წელიწადში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს“, – განაცხადა მკვლევარმა პიტერ პრენგამანმა.
ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ არქტიკა განსაკუთრებით სწრაფად თბება — დაახლოებით 3.5-ჯერ უფრო სწრაფად, რაც ყინულის სწრაფად დნობასა და ზღვის დონის მატებას გამოიწვევს.
„ტემპერატურის ზრდას ორი მთავარი მიზეზის გამო აქვს მნიშვნელობა. პირველი — თავად სიცხეა პრობლემა. მაღალი ტემპერატურა ადამიანებს დისკომფორტს უქმნის და შესაძლოა, მომაკვდინებელიც კი იყოს. სიცხე ანადგურებს მოსავალს, იხოცებიან ცხოველები. მას სხვა მრავალი სირთულეც ახლავს. მეორე მხრივ, გლობალური დათბობა ნიშნავს, რომ პლანეტა იცვლება, რაც კიდევ უფრო ძლიერ კლიმატურ მოვლენებს იწვევს, როგორებიცაა შტორმი, გვალვა და წყალდიდობა“, – ამბობს ექსპერტი პიტერ პრენგამანი.
კვლევის ავტორები გვახსენებენ, რომ გლობალურად ტემპერატურა უცბად არ იზრდება — ის მიმდინარეობს თანდათანობით, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ბუნებრივი მოვლენები პროცესს უფრო მეტად აჩქარებს.
დღეს მსოფლიო უკვე საშუალოდ დაახლოებით 1.4°C-ით უფრო თბილია, ვიდრე ინდუსტრიული ეპოქის დასაწყისში იყო. მეცნიერები კი გვაფრთხილებენ, რომ ძალიან მცირე დრო რჩება იმისთვის, თუ გვსურს, რომ მომავალი თაობებისთვის პლანეტა საცხოვრებლად კვლავ ვარგისი იყოს.