შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტებს ამზადებენ, რომლებიც აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

Bloomberg-ის ცნობით, ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ მაისის ბოლოს G7 ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ) ლიდერების შეხვედრისას გამოქვეყნდება.

ახალი ღონისძიებების მიზანი ადრე დაწესებულ სანქციებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და მათი გვერდის ავლის გზების დაბლოკვაა. სააგენტო წერს, რომ აშშ და იაპონია სანქციების თავის პაკეტს ამზადებენ.

ევროკავშირის მიერ განხილულ წინადადებებს შორის ასევე არის სანქციების დაწესება გემების სანავიგაციო სისტემების გამორთვაზე.

ასევე ცნობილია, რომ კანადა ავითარებს საპასუხო ზომებს რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი კიდევ 30-მდე ადამიანს შეიტანს შავ სიაში.

მოსალოდნელია, რომ G7-ის ლიდერები გააფართოებენ შეზღუდვებს ტექნოლოგიებისა და იმ აღჭურვილობების მიმართ, რომელსაც რუსული სამხედროები იყენებს. განიხილება ყველანაირი ექსპორტის აკრძალვა, გარდა იმ საქონლისა, რომელზედაც ადრე იყო შემოღებული გამონაკლისი (სასოფლო-სამეურნეო საქონელი, საკვები და მედიკამენტები) და ალმასით ვაჭრობის შეზღუდვა.