გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს, პოტენციური გარიგების ფარგლებში აშშ-ს მანქანებზე ტარიფების დაწევა შესთავაზოს, რათა დონალდ ტრამპთან სავაჭრო ომი თავიდან იყოს არიდებული. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა უფროს ევროპარლამენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.
Financial Times-ს საკითხზე ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბერნდ ლეინჯს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, არსებული 10%-იანი ტარიფი 2.5%-მდე შეამციროს და აშშ-ს მიერ დაწესებულ ტარიფს გაუთანაბროს.
"შეგვიძლია, შეთანხმების მიღწევა ვცადოთ, სანამ საფასურისა და ტარიფების ხარჯები გაიზრდება". - თქვა ლეინჯმა და დაამატა, რომ ევროკავშირი ტრამპს აშშ-სგან ასევე მეტი თხევადი ბუნებრივი აირისა და სამხედრო აღჭურვილობის ყიდვას შესთავაზებს.
ბრიუსელიდან მაღალჩინოსნებმა FT-სთან განაცხადეს, რომ ევროკავშირის ავტომობილების ინდუსტრია ამ ნაბიჯს ემხრობა. სექტორში მიიჩნევენ, რომ ტრამპი შეასრულებს ტარიფებზე მის მუქარას, რადგან მან უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ ევროპელები "ჩვენს [აშშ-ს] მანქანებს არ ყიდულობენ, ჩვენს ფერმის პროდუქტებს არ იღებენ, თითქმის არაფერს იღებენ და ჩვენ კი ყველაფერს ვიღებთ მათგან".
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით, თუკი ევროკავშირი ამერიკული მანქანების იმპორტზე ტარიფებს შეამცირებს, გადაწყვეტილება ჩინეთიდან შემოსულ ავტომობილებსაც შეეხება.
თუმცა, ლეინჯმა ასევე თქვა, რომ ტრამპთან მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში, ევროკავშირი ტრამპის ტარიფებს ე.წ. "ანტი იძულების ინსტრუმენტით" უპასუხებს, რაც ბლოკს საშუალებას მისცემს, აშშ-ს ტექნოლოგიური და საფინანსო კომპანიები მიზანში ამოიღოს.
აღნიშნული ინსტრუმენტი ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი ისეთ ქვეყნებთან გამკლავებაა, რომლებიც ეკონომიკურ წნეხს იყენებენ ევროკავშირის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების გამოსაწვევად.
ლეინჯის თქმით, ტრამპი დიდი ალბათობით ტარიფებს გამოიყენებს, რათა ევროკავშირს აიძულოს, ონლაინ ამერიკულ კომპანიებზე, როგორებიცაა Meta, X და Google, რეგულაციები შემსუბუქდეს და გადასახადები გაუქმდეს. ამის პასუხად, მისი თქმით, ბრიუსელს შეუძლია, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები შეაჩეროს.
წყარო: ტაბულა