დეკრეტული შვებულების პერიოდში სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული ფულადი დახმარება ყადაღისგან დაცული გახდება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს სასესხო დავალიანება აქვს და მის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ცვლილებას დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, რომლის ოდენობაც საქართველოს მთავრობის მიერ არის განსაზღვრული.

როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, მოქმედი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი განსაზღვრავს იმ ქონებისა და თანხების ჩამონათვალს, რომლებზეც ყადაღის დადება დაუშვებელია. ამ ჩამონათვალში კი დეკრეტული შვებულებისა და ბავშვის მოვლის პერიოდში სახელმწიფოს მიერ გასაცემი დახმარება ამ დრომდე გათვალისწინებული არ იყო.

საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული სახელმწიფო დახმარებაც იმ თანხების ჩამონათვალს დაემატება, რომლებიც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ხელშეუხებელი იქნება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და მარიამ ლაშხი.