მზის ტექნოლოგიების იმპორტის შეზღუდვები, კრიტიკული წიაღისეულის ექსპორტის კონტროლი და მზარდი ტარიფები ელექტრომობილებსა თუ ბატარეებზე – მთელ მსოფლიოში სავაჭრო ბარიერების სია ყოველდღიურად იზრდება. ეს პროცესი პირდაპირ ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდების ჯაჭვს, რაც გადამწყვეტია წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებისა და ელექტროენერგიაზე მზარდი გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

მთავრობები ბრიუსელიდან ბრაზილიამდე, ადგილობრივი წარმოებისა და სამუშაო ადგილების დაცვის მიზნით, მკაცრ სავაჭრო ზომებს მიმართავენ, რათა შეამცირონ ჩინეთის დომინირება მწვანე ტექნოლოგიების სექტორში. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, დამატებითი მიზნობრივი ტარიფები დააწესა ჩინურ მზის პროდუქტებსა და ენერგოსისტემის იმპორტზე.

ექსპერტები და ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ შეზღუდვების შედეგი შესაძლოა იყოს ენერგოგადავლის (Energy Transition) შენელება, სათბურის გაზების ემისიების მატება და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესის მნიშვნელოვნად გაძვირება.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ტარიფები მკვეთრად გაიზარდა ბატარეებზე, ელექტრომობილებსა და ქარის ტურბინებზე, ხოლო მზის ენერგიის სექტორში საშუალო საბაჟო განაკვეთი 2023-2024 წლებში ცხრაჯერ გაიზარდა.

სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ენერგოსისტემების (Grid) განახლების შეფერხება. აშშ-სა და ევროპაში ქსელური აღჭურვილობის, მაგალითად ტრანსფორმატორების, მიწოდების ვადა უკვე ორ წელზე მეტს შეადგენს, ხოლო ფასები 2020 წლის შემდეგ 158%-ით არის გაზრდილი. იმპორტის დამატებითი აკრძალვები ამ დეფიციტს კიდევ უფრო გააღრმავებს.

დასავლური ქვეყნები სავაჭრო შეზღუდვებს ეროვნული და კიბერუსაფრთხოების ინტერესებით ამართლებენ. ევროკავშირში უკვე განიხილება ინიციატივა „დამზადებულია ევროპაში“, რაც საჯარო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოების კომპონენტების პრიორიტეტულობას ითვალისწინებს. თუმცა, ქსელის ევროპელი ოპერატორები აცხადებენ, რომ შიდა წარმოება ჯერ ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას, მკაცრი მოთხოვნები კი მოკლევადიან პერსპექტივაში მხოლოდ ხარჯების ზრდას გამოიწვევს.

ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, სავაჭრო ბარიერები მწვანე პროდუქტებს ტრადიციულ ტექნოლოგიებთან შედარებით გააძვირებს, რაც აფერხებს ეკოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვას და გლობალურ ეკონომიკაში სათბურის გაზების ემისიების ზრდას უწყობს ხელს.

წყარო: gbc.ge