The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მრჩევლები ტრამპს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდებენ. მათი გეგმაა, ფრონტის ხაზზე ახალი, დემილიტარიზებული ზონის შეიქმნას, ამერიკამ გააგრძელოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, თუმცა ზელენსკის გუნდს „ნატოში“ გაწევრიანებაზე უარის თქმა მოუწევს.
თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვი კონფლიქტის გაყინვას ან სამხედრო ზავის სცენარს გამორიცხავს.
გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
- ამჟამინდელი ფრონტის ხაზი გაყინულია და მთელ სიგრძეზე იქმნება ახალი, დემილიტარიზებული ზონა. გაურკვეველია, ვინ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, თუმცა გაზეთის ერთ-ერთმა წყარომ გამორიცხა ამერიკული ჯარების ან „გაეროსა“ და სხვა ამერიკის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ამ პროცესში მონაწილეობა.
- უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების გეგმებზე მომდევნო 20 წლის განმავლობაში.
- ამ ყველაფრის სანაცვლოდ, აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს.
„ჩვენ შეგვიძლია სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა და სხვა მხარდაჭერის გაწევა, თუმცა [ამაზე პირველ რიგში ევროპის ქვეყნები იზრუნებენ] ჩვენ არ გავაგზავნით ამერიკელ მამაკაცებს და ქალებს უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად. ასევე, ამერიკა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის დეესკალაციისთვის არ გადაიხდის. სთხოვეთ პოლონელებს, გერმანელებს, ბრიტანელებს და ფრანგებს, რომ ამაზე იზრუნონ,“ — განაცხადა რესპუბლიკელების გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით.
რუსულს მხარე უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად თავისი პირობები აქვს, რომლებიც ნაწილობრივ განსხვავდება WSJ-ის წყაროების მიერ გასაჯაროებული პირობებისგან.
კერძოდ, რუსეთი ითხოვს: უკრაინული ჯარების გაყვანას ხერსონის ოლქისა და დონბასის რესპუბლიკების საზღვრებიდან (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს), ამ ტერიტორიებსა და ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას, საერთაშორისო სანქციების მოხსნას, უკრაინის დემილიტარიზაციას, ასევე, უკრაინაზე ვალდებულების დაწესებას, რომ არ გაწევრიანდება ,,ნატოში" და შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს.
„მინსკის შეთანხმებების სცენარი აღარ განმეორდება. ფრონტის ხაზი არ გაიყინება იმისთვის, რომ ზელენსკის რეჟიმმა „ჭრილობების მოშუშება“ შეძლოს — განაცხადა შემოდგომაზე „გაეროში“ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილ ნებენზიამ.
ცნობისთვის, პუტინმა დემილიტარიზებული ზონის შექმნა ერთხელ უკვე ახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ იგი უნდა მდებარეობდეს „რუსეთის ტერიტორიისგან იმხელა მანძილზე, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, განსაკუთრებით უცხოური წარმოების შორეული სროლის იარაღების გათვალისწინებით“.