აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადური საქონლის ფართო სპექტრზე დაწესებული 50%-იანი ტარიფი, რომელიც დღეს უნდა ამოქმედებულიყო, ძალაში არ შევა. ამის შესახებ ტრამპმა ტარიფის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა.
„მე შევაჩერე კანადის წინააღმდეგ დაწესებული 50%-იანი ტარიფები, რომლებიც ხვალ დილით უნდა ამოქმედებულიყო, სამი დღის ვადით, რადგან კანადასა და აშშ-ს, დოკუმენტების საბოლოო გაფორმების პირობით, შეთანხმება აქვთ. დიდებული Keystone XL-ის ნავთობსადენი, რომელიც დიდი ხნის წინ „მძინარა ჯო“ ბაიდენმა გააუქმა, შესაძლოა, საფლავიდან კვლავ გაცოცხლდეს“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ტარიფების ამოქმედების სამდღიანი გადავადება რამდენიმედღიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მოჰყვა. კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და დონალდ ტრამპი ესაუბრნენ ერთმანეთს, მაშინ როცა პარალელურად მოლაპარაკებები გრძელდებოდა.
მანამდე გამოცემა „პოლიტიკო“ წერდა, რომ აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებდა, ტრამპის ადმინისტრაციაში განიხილებოდა.