აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკას, კანადასა და ჩინეთს 4 მარტიდან სავაჭრო ტარიფები დაუწესდებათ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანადიდან და მექსიკიდან შესული საქონელი 25-პროცენტიან ტარიფებს დაექვემდებარება, ჩინეთს კი დამატებით ათპროცენტიანი ტარიფები დაუწესდება.

ტრამპის თქმით, ტარიფები საჭიროა უკანონო ნარკოტიკების მუდმივი ნაკადის წინააღმდეგ საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები დიდი რაოდენობით ისევ შედის აშშ-ში კანადიდან და მექსიკიდან, რომელთა დიდი წილი ჩინეთშია დამზადებული.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ სახიფათო ნარკოტიკული საშუალებებით.

„ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ამ უბედურებამ განაგრძოს, ზიანი მიაყენოს აშშ-ს და, შესაბამისად, ვიდრე ის არ შეჩერდება ან სერიოზულად არ შეიზღუდება, შემოთავაზებული ტარიფები, რომლებიც დაგეგმილი იყო 4 მარტს, მართლაც ამოქმედდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პირველი არხი