საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ხორვატიის მარცხი და ევრო 2025-ის საგზურის დათმობა მტკივნეული აღმოჩნდა, – ამის შესახებ ხორვატული გამოცემა sportske.jutarnji.hr-ი წერს.

„ეს მოულოდნელი შედეგი იყო, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან წაგებას არავინ ელოდა. ამ მოთამაშეებში 60 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.

ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს საქართველოსთან და მათი ფეხბურთიდან რაღაცის სწავლა შეგვიძლია. მას შემდეგ, რაც ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, ველოდით, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში 21-წლამდელთა ნაკრებიც კარგად გამოვიდოდა. თუმცა, ივიცა ოლიჩის გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია და რიეკაში საქართველოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ახალგაზრდა ხორვატი ფეხბურთელების წარუმატებლობა დილის სპორტული შოუს მთავარი თემა იყო, რომელშიც Jutarnji list-ის ჟურნალისტები ტომისლავ იურანოვიჩი და ანდრო პოლიჩი მონაწილეობდნენ.

„საქართველოსთან მარცხი დიდი დარტყმაა. ეს არის შედეგი, რომელსაც არავინ ელოდა” – თქვა იურანოვიჩმა და მას პოლიჩიც დაეთანხმა.

„დიახ, ეს დიდი სურპრიზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად ვიბრძოლეთ, საბოლოოდ, პენალტების სერია მივიღეთ. მეჩვენებოდა, რომ პენალტებში მოვიგებდით, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. საქართველომ თავი მზარდ საფეხბურთო ძალად წარმოაჩინა. ეს აჩვენეს ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე და მათი ახალგაზრდული გუნდებიც ასევე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებენ.

ამ მატჩამდე მე ქართული ფეხბურთით დავინტერესდი, რაღაცები შევისწავლე და მივხდი, რომ მათი წარმატებები შემთხვევითი სულაც არ არის. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო საქართველოსთან, როგორც ქვეყანასთან და ქართული ფეხბურთიდან რაღაცის სწავლა შეგვიძლია. უნდა ვიზრუნოთ ბავშვთა სასწავლო ცენტრებისა და აკადემიების განვითარებაზე, რომელშიც ბოლო წლებში ქართველებმა დიდი ინვესტიცია ჩადეს“.

1tv.ge