გასულ კვირას ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი კომბინირებული მზის ელექტროსადგური და მარილის ფერმა გაიხსნა. CGTN-ის ჟურნალისტების თქმით, სადგურს 1,5 მილიონი ოჯახის ელექტრო მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია.

ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია Huadian-მა განაცხადა, რომ Huadian Tianjin Haijing-ის ელექტროსადგური ქსელს ჩრდილოეთ ტიანჯინის მუნიციპალიტეტში დაუკავშირდა. სადგური მრავალი მზის პანელისგან შედგება, რომლებიც ჩანგლუს მარილის ველზე 13 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სანაპირო მარილის ფერმაშია დამონტაჟებული.

„მარილის შუქის“ სისტემა აწარმოებს როგორც ელექტროენერგიას, ასევე მარილს ორმხრივი მზის პანელების გამოყენებით, რომლებიც შთანთქავს მზის პირდაპირ შუქს და წყლიდან ასახულ სინათლეს.

China Huadian-ის თქმით, სადგურს აქვს დადგმული სიმძლავრე 1 გიგავატი და ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1,5 მილიარდ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას. გამომუშავებული სუფთა ელექტროენერგია ხელს შეუწყობს ნახშირბადის ემისიების შემცირებას.

პანელები ერთმანეთისგან უფრო შორსაა განლაგებული, ვიდრე სხვა საწარმოებში, ენერგიისა და მარილის წარმოების ოპტიმიზაციის მიზნით და და დახრილია გარკვეული კუთხით, წყლის ზედაპირის დაჩრდილვისთვის.

მარილის ველები ასევე გამოიყენება კრევეტების მოშენებისთვის. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua იტყობინება, რომ კრევეტების ფერმის წლიური მოსავალი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფერმაში მზის პანელი აშენდა.  მოხსენების თანახმად, წარმოება გაიზარდა, რადგან პანელები ჩრდილავდა კრევეტების ტბორებს და წყლის ტემპერატურას 1-2 გრადუს ცელსიუსამდე ამცირებდა.