ჩინეთის მთავრობა მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული კაშხლის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ინდოეთის საზღვართან, ტიბეტში მდინარე იარლუნგ-ცანგპოზე განთავსდება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კაშხლის მშენებლობისთვის დაგეგმილია $137 მილიარდი (1 ტრილიონი იუანი) ინვესტიციის მოზიდვა, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტად აქცევს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პროექტის დასრულებას მინიმუმ 10 წელი და ახალი ენერგეტიკული ქსელის შექმნა დასჭირდება. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ჰიდროენერგეტიკის პროექტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტიბეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. კერძოდ, რეგიონში გაანადგუროს ვეფხვების ისედაც მცირე პოპულაცია.

მანამდე, ანალიტიკოსები ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდნენ, რომ მდინარეზე კაშხალი აშენდებოდა, შორეულ რეგიონში მასალებისა და მუშაკების ტრანსპორტირების მაღალი ღირებულების, ასევე გრძელი ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის საჭიროების გამო.