ლონდონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს 24 თებერვალს, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბის შეჭრის მესამე წლისთავზე - ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი 23 თებერვალს.
ეს იქნება ყველაზე მსხვილი პაკეტი ომის დაწყების ადრეული დღეებიდან - ამბობს ლემი. მისი თქმით, სანქციების მიზანი იქნება "მათი სამხედრო მანქანის დაუძლურება და იმ მოგების შემცირება, რომლებიც უკრაინის განადგურების ცეცხლს აძლიერებს".
ლემიმ კიდევ ერთხელ განაცხადა ბრიტანეთის სამხედრო მხარდაჭერაზე კიევის მიმართ, რაც მოიცავს წელიწადში 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს და ილაპარაკა საჭიროების შემთხვევაში ბრიტანეთის მშვიდობის დამცველი სამხედროების გაგზავნის მზაობაზე.
"ბრძოლის ველის მიღმა, ვიმუშავებთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მდგრადი, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და ამ პროცესში შევინარჩუნებთ მკაფიო პოზიციას, რომ უკრაინის შესახებ ვერაფერი მოხდება უკრაინის გარეშე" - დასძენს ლემი.
22 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ტელეფონით ცალ-ცალკე ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, და ლემის სიტყვების ანალოგიური პოზიციებით გამოვიდა.
ევროკავშირის ქვეყნები გასულ კვირაში შეთანხმდნენ სანქციათა ახალ პაკეტზე, რომელსაც ოფიციალურად 24 თებერვალს დაამტკიცებენ. სანქციები მოიცავს რუსეთის ალუმინის იმპორტის აკრძალვას.
27 თებერვალს სტარმერი ვაშინგტონში ჩავა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად - სტარმერი იმედოვნებს, რომ აშშ-სა და ევროპას შორის "ხიდი" გამოინახება უკრაინისთვის ტერიტორიული და უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად, თუკი შედგება ომის დასრულების შეთანხმება.
ლემის განცხადების ფონია აშშ-ის მხრიდან კიევის და მისი ევროპელი მხარდამჭერების რიგებში აღძრული შეშფოთება, ომის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებით უკრაინისა და ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე.
"ეს კრიტიკული მნიშვნელობის მომენტის უკრაინის, ბრიტანეთის და მთელი ევროპის ისტორიაში... ახლაა დრო ევროპამ გააორმაგოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის" - ამბობს ლემი.
ომის დაწყების შემდეგ ლონდონს უკვე დაწესებული აქვს სანქციები 1900 პირზე და უწყებაზე, რომლებსაც პუტინის მთავრობასთან აქვთ კავშირები.
წყარო: რადიო თავისუფლება