„დღეს, ბიზნესის კეთება შეუძლებელია ამ პოლიტიკურ გარემოში, რომელიც გვაქვს,“ - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ განაცხადა.

„ქვეყანაში შემნილ ვითარებას რაც შეეხება, ახალს ვერაფერს ვიტყვი. გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეფასებები, რომელიც სხვა რეალობას გვაჩვენებს. ჯერ კიდევ არ ხდება აღიარება იმის, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში. ვისმენთ რაღაც ციფრებს, მაგრამ როცა ნდობა არის დაკარგული, ციფრებთან დაკავშირებითაც რთულია რამეზე ვიმჯელოთ, რადგან ის ინსტიტუტებიც ერთი ვერტიკალის ქვეშ არის მოქცეული და ემსახურება ერთ მიზანს. აქედან გამომდინარე თუნდაც გარკვეულ სტატისტიკებთან დაკავშირებით, ეკონომიკური ზრდა იქნება, უმუშევრობის შემცირება თუ სხვა, ნდობა თუ არ არსებობს ამ ინსტიტუტების მიმართ, ყველა ეს განცხადება აზრს მოკლებულია.

რაც შეეხება 2025 წლის მაჩვენებლებს, ყველა ეყრდნობა იმ ციფრებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ადგენს, ეს შეიძლება იყოს სიმართლე და შეიძლება არა. ჩვენ გამოვდივართ იმ ნდობიდან რაც გაგვაჩნია სახელმწიფოს მიმართ. დღეს, ამ განუკითახობის, უსამართლობის პირობებში რასაც ვხედავთ, რანაირად შეიძლება მქონდეს ნდობა სახელმწიფო ნებისმიერი ინსტიტუტის მიმართ. ბუნებრივია ეს ნდობა არის შერყეული და შესაბამისად, საუბარი იმაზე რომ ეკონომიკური ვითარება ასეთია თუ ისეთია, არის არაარგუმენტირებული, მაშინ დავსხდეთ ერთად და დავილაპარაკოთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს კულუარული საუბარი.

ბიზნესის თავისუფლების კუთხით რა თქმა უნდა სხვა ვითარებაა. წინა ხელისუფლების პირობებში, რაც იყო ბიზნესთან დამოკიდებულება და ურთიერთობის პრაქტიკა, ამასთან ახლოსაც არ არის დღევანდელი ხელისუფლება. თუნდაც ის ფაქტი, რომ მე შემიძლია თავისუფლად გესაუბროთ, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, ამის კარგი მაგალითია. მაგრამ რამდენი ხანი შეიძლება ვისაუბროთ რომ ამ კუთხით ბიზნესს არ აქვს პრობლემა ან ნაკლები პროლემა აქვს? არ არის ისე ვითარება მაგ კუთხით, რომ შეუძლებელი იყოს ბიზნესის კეთება, მაგრამ დღეს, ბიზნესის კეთება შეუძლებელია ამ პოლიტიკურ გარემოში, რომელიც გვაქვს.

ასევე ბიზნესის კეთება ძალიან რთულია ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი ფაქტიურად ნულის ტოლია, ზუსტად ვიცით რომ სასამართლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი, რომელსაც ჩვენ მივმართავთ, თუ ეს იქნება დაპირისპირება კონკრეტულ პირებთან, რომლებიც არიან ძალაუფლებაში ან ერთ პირთან, რომელიც ფლობს ყველაზე მეტ ძალაუფლებას ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა შანსი არ გვაქვს იმის, რომ სამართალი ვეძიოთ ან მივიღოთ,“ - განაცხადა ქიქავამ.

წყარო: bpn.ge