მარტში ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით 144 ათასი ტონა ნავთობი გადატვირთა.

ინფორმაციას Reuters გადამზიდავ კომპანია “ყაზტრანსოილზე” დაყრდნობით ავრცელებს.

აპრილში “ყაზტრანსოილი” ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის გადაზიდვას აქტაუს პორტიდან გეგმავს, რაც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტრანსპორტირების გრაფიკის შესაბამისად მოხდება.

ბთჯ-ს ყაზახური ნავთობი, ძირითადად, Tengizshevroyl-ის საბადოდან მიეწოდება, რომელიც ტანკერებით აქტაუს პორტიდან კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ბაქოს პორტში ჩადის.

ყაზახეთი ბთჯ-ის მილსადენით ნავთობქსპორტის 2024 წლის 1.5 მილიონი ტონიდან წელიწადში 20 მლნ ტონამდე გაზრდას განიხილავს.

წელს “ყაზმუნაიგაზი” ბთჯ-ის მილსადენით 1.7 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტს პროგნოზირებს.

“ყაზტრანსოილი” ყაზახეთის უმსხვილესი ნავთობგადამზიდავი კომპანიაა, რომელიც 7.600 კილომეტრზე მეტი სიგრძის მაგისტრალური ნავთობსადენებისა და წყალსადენების ქსელს ფლობს. კომპანია ექსპორტზე და შიდა ბაზარზე ქვეყანაში წარმოებული ნავთობის, დაახლოებით, 60%-ის ტრანსპორტირებას ეწევა. სახელმწიფო “ყაზტრანსოილს” ეროვნული კომპანია “ყაზმუნაიგაზის” მეშვეობით ფლობს.

ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1.768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1.2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2.2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.

2024 წლის 29 ნოემბერს ნორვეგიულმა კომპანია Equinor-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და ინდურ ONGC Videsh Limited-თან გარიგება დახურა, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG-ის) საბადოების ბლოკის განვითარების პროექტში და ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია BTC Co-ში თავისი წილის გაყიდვას ეხება. გარიგების ჯამური ოდენობა 720 მლნ დოლარია.

ახალი გარიგების გათვალისწინებით, ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).

ბიზნესპრესნიუსი