აშშ ადასტურებს, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა ასეთი შეტევითი შესაძლებლობების ფლობა აღიარა.
აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა, ტროი მეინკმა განაცხადა, რომ დედამიწის ორბიტაზე იარაღის ფლობა აუცილებელია აშშ-ის ძალების მტრული ქმედებებისგან დასაცავად. საჰაერო, კოსმოსურ და კიბერკონფერენციაზე გამოსვლისას მეინკმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის „მზარდი საფრთხეებისთვის“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია იარაღის შესაძლებლობები ან როდის გაიგზავნა ის ორბიტაზე.
„კოსმოსური კონტროლი მოიცავს კოსმოსური დომენის კონკურენციისა და კონტროლისთვის საჭირო მისიის არეალებს, რათა მოწინააღმდეგის შესაძლებლობებზე გავლენა მოახდინოს ჩაშლის, დეგრადაციის და, საჭიროების შემთხვევაში, განადგურების გზითაც კი. ეს შესაძლებლობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეტევითი და თავდაცვითი მიზნებისთვის საბრძოლო ბრძანებების მითითებით“, – განაცხადა მეინკმა.
„ბიბისის“ ცნობით, 1967 წლის ხელშეკრულებით, მასობრივი განადგურების იარაღის ორბიტაზე გამოყენება აკრძალულია.