რუსულმა მარკეტპლეისმა Wildberries-მა რუსეთის რვა რეგიონში მდებარე ლოგისტიკური ცენტრების დასაცავად 478 ათასი კვადრატული მეტრი ლითონის ბადის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ The Bell წერს.

ტენდერი კომპანიამ 5 აგვისტოს განათავსა. შესყიდვის დოკუმენტაციაში არ არის დაკონკრეტებული, რა მიზნით გამოიყენებს Wildberries ლითონის ბადეს, თუმცა The Bell-ის წყაროს შეფასებით, მისი გამოყენება, სავარაუდოდ, ლოგისტიკური ობიექტების დრონების თავდასხმებისგან დასაცავად იგეგმება.

გამოცემის ცნობით, მსგავსი ბადეები ხშირად შენობების პერიმეტრის გარშემო, რამდენიმე მეტრის დაშორებით მონტაჟდება და მათი მიზანი დრონების პირდაპირი დარტყმის თავიდან აცილებაა.

ტენდერის გამოცხადებას წინ უძღოდა Wildberries-ის ობიექტებზე უკრაინული დრონების არაერთი იერიში. The Bell-ის ინფორმაციით, 2026 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან 5 აგვისტომდე კომპანიის სულ მცირე 21 ლოგისტიკური ობიექტი გახდა თავდასხმის სამიზნე რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, ნაწილი კი სერიოზულად დაზიანდა ან სრულად განადგურდა. თავდასხმებს მსხვერპლი და 100-ზე მეტი დაშავებული მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wildberries-ის ობიექტებზე დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებზე საპასუხო მოქმედებად შეაფასა. მისი განცხადებით, კომპანიის საწყობებში სანქცირებული კომპონენტები ინახებოდა, რომლებიც დრონებისა და სანავიგაციო მოწყობილობების წარმოებისთვის გამოიყენებოდა.

The Bell-ის შეფასებით, Wildberries-ისთვის უკრაინული იერიშებით მიყენებული ზარალი შესაძლოა 100-200 მილიარდ რუბლს აღწევდეს. გამოცემა 4 აგვისტოს ასევე წერდა, რომ მხოლოდ 18 და 22 ივლისის თავდასხმების შემდეგ გამყიდველების მიერ დაკარგული საქონლის ღირებულება 250-270 მილიარდ რუბლად ფასდებოდა, ხოლო შემდგომი იერიშების შედეგად ზარალის მასშტაბი კიდევ გაიზარდა.