აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაზე სამგზავრო საზღვაო კავშირის აღდგენისთვის ემზადებიან. დაგეგმილია ბაქოსთან მდებარე ალიათის პორტისა და ყაზახეთის კურიკის ნავსადგურის დაკავშირება, რაც, როგორც მოსალოდნელია, რეგიონში სამგზავრო და საკრუიზო ბიზნესის განვითარებას ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.

ამ ეტაპზე განიხილება კომბინირებული გადაზიდვის მოდელი, რომლის ფარგლებშიც ერთი და იგივე ბორნები როგორც ტვირთების, ისე მგზავრების გადაყვანას უზრუნველყოფენ. მსგავსი მომსახურება 2020 წლამდე არსებობდა, თუმცა პანდემიის პერიოდში შეწყდა.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტურიზმისა და სამგზავრო სექტორის განვითარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნებოდა სპეციალიზებული, სწრაფმავალი სამგზავრო ლაინერების ამოქმედება და არა მხოლოდ სატვირთო ბორნებზე მგზავრების განთავსება. მათი შეფასებით, პირდაპირი საზღვაო კავშირი ბაქოსა და აქტაუს შორის მგზავრებისთვის უფრო კომფორტული და ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება.

კასპიის ზღვაზე სამგზავრო საზღვაო მიმოსვლას საბჭოთა პერიოდშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ბაქოდან რეგიონის სხვადასხვა ქალაქში სპეციალური სამგზავრო ლაინერები გადაადგილდებოდა, რაც საზღვაო ტრანსპორტს საქალაქთაშორისო კავშირის ფუნქციასაც ანიჭებდა.

დღეს აზერბაიჯანში საკრუიზო ტიპის სამგზავრო გემები, მათ შორის „რაშიდ ბეჰბუდოვი“ და „მუსლიმ მაგომაევი“, ბაქოდან კასპიის ზღვაში მდებარე ნავთობის პლატფორმების მიმართულებით ოპერირებენ. აღნიშნული ტიპის გემებს საათში დაახლოებით 65 კილომეტრის სიჩქარის განვითარება და 150-170 მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ, რის გამოც მათი გამოყენება ბაქო-აქტაუს რეგულარული სამგზავრო მარშრუტისთვისაც განიხილება.

ექსპერტების შეფასებით, შუა დერეფნის განვითარება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. მათი აზრით, სატრანსპორტო დერეფნები ქალაქების, ეკონომიკებისა და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებასაც უნდა ემსახურებოდეს, რაც რეგიონში ტურიზმისა და სამგზავრო საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის.

ნახეთ ვრცლად