„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია ეხმიანება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიის საკითხს. ჩვენ აქამდეც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული ჯარიმები საპენსიო სააგენტოს სისტემური ხარვეზებით იყო გამოწვეული და მათი ჩამოწერა აუცილებელი იყო. თუმცა, ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი ხასიათი ექნება და პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებს, თუ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები არ გამოსწორდება. სწორედ ამ ხარვეზებმა ბიზნესის დიდი ნაწილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 700%-ით გაზარდა“ – განცხადებას თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია ავრცელებს.


„კერძოდ, პრობლემა საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების გაერთიანებამ წარმოშვა, რის შემდეგაც მინიმალური ცდომილების შემთხვევაშიც კი სისტემა კომპანიებს ავტომატურად აჯარიმებდა.


ამასთანავე, მნიშვნელოვანია, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი იყოს გადასახდელი საპენსიო შენატანისა და არსებული დავალიანების ზუსტი ოდენობა, რათა კომპანიამ ვალდებულება ზუსტად და სრულად შეასრულოს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს არსებული საჯარიმო რისკების წარმოშობის ალბათობას.


ასევე მიზანშეწონილია ამოქმედდეს ე.წ. ტოლერანტული ზღვარი, მაგალითად, 1-დან 10 ლარამდე. თუკი აღნიშნულ ზღვარს შემოვიღებთ  მიზერული ცდომილების ან ტექნიკური გადაცდომის შემთხვევაში კომპანიას ავტომატურად არ დაერიცხება ჯარიმა. ეს იქნება ერთგვარი პრევენცია, რათა ბიზნესი არ დაჯარიმდეს.


არსებული პრაქტიკის პირობებში კი შესაძლებელია კომპანია 1 თეთრიანი ცდომილების გამოც დაჯარიმდეს, რაც არარაციონალურია და ყოველგვარ გონივრულ ჩარჩოს სცდება.


გარდა ამისა, გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია საპენსიო სააგენტომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უზრუნველყოს სისტემის ავტომატიზაცია, რომელიც ცდომილების შემთხვევაში ბიზნესს გაუგზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებას და მისცემს გონივრულ ვადას მდგომარეობის გამოსასწორებლად.


ზემოთ აღნიშნული ცვლილებები, ერთი მხრივ, კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო პროგნოზირებად და ნაკლები ადმინისტრაციული რისკის პირობებში განახორციელონ საქმიანობა, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად განტვირთავს სასამართლოს და შეამცირებს საპენსიო ვალდებულებებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების რაოდენობას.


თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია უახლოეს მომავალში ინიციატივით მიმართავს შესაბამის უწყებებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული თუ როგორ შეიძლება არსებულ გამოწვევებს სამართლიანად ვუპასუხოთ“ – ნათქვამია განცხადებაში.