ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

თეთრი სახლის მიერ 25 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის კონტრშეტევა. ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებიც.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება. აქცენტი გაკეთდა შორ მანძილზე მოქმედების იარაღზე.

პრეზიდენტებმა იმსჯელეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობასა და რუსეთში მიმდინარე პროცესებზეც. ზელენსკის განცხადებით, განვითარებულმა მოვლენებმა გამოაშკარავა პუტინის რეჟიმის სისუსტე და მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს საერთაშორისო წესრიგის აღდგენამდე.