სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხუთი დღის განმავლობაში მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 21-დან 25 სექტემბრის ჩათვლით, ავტომაგისტრალის კმ30–42კმ მონაკვეთზე, ე.წ. ლოტი 3-ის ფარგლებში, ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება.
უწყების ცნობით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.
შეზღუდვის პერიოდში სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ლესას სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვებიან სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზაზე, შემდეგ კი ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას გზის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით.
გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება.
მძღოლებს გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილებისას დროებითი შეზღუდვების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.