რუსული ანალიტიკური სააგენტო „ავტოსტატის“ დირექტორმა სერგეი ცელიკოვმა თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან რუსეთში 17,8 ათასი მსუბუქი ავტომობილია შეტანილი.
ცელიკოვის თანახმად, ამით დასტურდება მედიაში მანამდე არაერთხელ გამოქვეყნებული მონაცემები, რომ საქართველოდან მესამე ქვეყნებში (მათ შორის ყირგიზეთსა და ყაზახეთში) ექსპორტისთვის განბაჟებული ავტომობილები რეალურად რუსეთს მიეწოდება, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით.
მონაცემები, რომლებსაც ცელიკოვი ეყრდნობა, საჯაროდ ხელმიუწვდომელია, თუმცა ის ოფიციალური „ელექტრონული პასპორტების სისტემიდანაა“ მიღებული.
„ოფიციალურად, საქართველოს გავლით რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი თითქოს აკრძალულია. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, რეგისტრაციისა და იმპორტის სხვადასხვა სქემა კვლავ მოქმედია“, - წერს „ავტოსტატის“ ხელმძღვანელი.
ცელიკოვის თქმით, გასულ წელთან შედარებით ავტომობილების ექსპორტი 230%-ით გაიზარდა და საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების 95%-ზე მეტი საკმაოდ ახალია - 2020-2022 წლებშია გამოშვებული.
„საქართველოს გავლით ძირითადად გადაიზიდება ავტომობილები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან, ჩინეთში აწყობილები არ არის. ისინი ზღვით - აჭარის და ფოთის პორტებიდან - ჩადის და შემდეგ სხვა ქვეყნებში იგზავნება. საბოლოოდ ამ ავტომობილების ყველაზე დიდი მომხმარებელი ხდება რუსეთი“, - აცხადებს ცელიკოვი და განმარტავს, რომ „საქართველო ავტომობილებზე დღგ-ს არ აწესებს“, რაც „საბოლოო ფასს საკმაოდ მიმზიდველს ხდის“.