ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა ალფრედმა გადაუარა, რის შედეგადაც ძლიერმა წვიმამ უელსის რამდენიმე დასახლებული რაიონი წყლით დაფარა.

სინოპტიკოსების შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ციკლონი კვინსლენდში 1974 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როცა რეგიონს ციკლონი ვანდა დაატყდა თავს.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ამინდის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს და სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდეს.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ეს ძალიან სერიოზული მეტეოროლოგიური მოვლენაა. ახლა დროა ყურადღება არ მოვადუნოთ, სახლში დავრჩეთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ“ – განაცხადა მან.

პოლიციამ დაადასტურა, რომ 61 წლის მამაკაცი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის ქალაქ დორიგოს მახლობლად დატბორილ მდინარეში გაუჩინარდა, გარდაიცვალა. მისი ცხედარი შაბათს, 8 მარტს, იპოვეს.

ციკლონისგან გამოწვეულ უამინდობის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. დაზარალებულ რეგიონებში 290 000-მდე სახლი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკული კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გამორთვა, შეიძლება, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ახალი სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის შტატებში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია და ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები გაანადგურა.