გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მომდევნო დღეებში მოსკოვში ვიზიტს გეგმავს, რათა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს. მათ უნდა ისაუბრონ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის, თქმით, სააგენტო ომის დაწყების დღიდან ითხოვდა, შენარჩუნებულიყო  კომუნიკაციის ღია არხები კიევსა და მოსკოვს შორის. იგი რამდენჯერმე შეხვდა როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე სერგეი ლავროვს, „როსატომის“ ხელმძღვანელსა და ასევე სამხედრო პირებს.

მანამდე რაფაელ გროსი კიევში ერთ-ერთ ქვესადგურს ეწვია. მან თავად ნახა ის ზიანი, რომელიც რუსების თავდასხმის შედეგად მიადგა ქსელს.

რაფაელ გროსი ამბობს, რომ მიყენებულმა ზიანმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გაგრილების სისტემებს ატომურ ელექტროსადგურებზე.

მან ასევე დასძინა, რომ იყო საფრთხის შემცველი რამდენიმე შემთხვევა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ზაპორიჟიაში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ზაპორიჟია არაერთხელ ყოფილა ცეცხლის ალში გახვეული.  მიუხედავად იმისა, რომ ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი უკვე თვეებია გათიშულია, მას მაინც სჭირდება ელექტროენერგია და პერსონალი გაგრილების სისტემებისა და უსაფრთხოების სხვა მახასიათებლების ფუნქციონირებისთვის.

წყარო: euronews georgia