ასტეროიდ რიუგუდან ჩამოტანილი ნიმუშების ახალი ანალიზით გამოვლინდა ხუთივე კანონიკური აზოტოვანი ფუძე, რომლებიც ქმნიან რნმ-ს და დნმ-ს.

ასტეროიდიდან ჩამოტანილ მასალაში ეს ხუთი ინგრედიენტი პირველად არ უპოვიათ — ისინი ასტეროიდ ბენუს ნიმუშებშიც აღმოაჩინეს. თუმცა, ახალი აღმოჩენა კიდევ უფრო ამაღელვებელია ერთი ფაქტორის გამო — ორი კარბონატული ასტეროიდიდან უკვე ორივეზეა აღმოჩენილი აზოტოვანი ფუძეების სრული კრებული.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ სიცოცხლისათვის საჭირო ინგრედიენტები მზის სისტემაში შეიძლება სულაც არ იყოს იშვიათი.

„ასტეროიდებისა და მეტეორიტების მასალებში სხვადასხვა აზოტოვანი ფუძის აღმოჩენა წარმოაჩენს მათ ფართო გავრცელებას მზის სისტემაში და აძლიერებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, კარბონატულმა ასტეროიდებმა წვლილი შეიტანეს ადრეული დედამიწის პრებიოტური ქიმიის წარმოქმნაში“, — ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი, იაპონიის ზღვა-დედამიწის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიოქიმიკოსი ტოშიკი კოგა.

დედამიწაზე არსებული ყველანაირი სიცოცხლე ეფუძნება ორ საბაზისო მოლეკულას, რომლებიც ინახავენ და გადასცემენ გენეტიკურ ინფორმაციას: დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) და რიბონუკლეინის მჟავას (რნმ). თავის მხრივ, ისინი შედგება ხუთი საბაზისო მოლეკულური საშენი მასალისგან: ადენინი, ციტოზინი, გუანინი, თიმინი და ურაცილი.

ადრეულ დედამიწაზე ამ ინგრედიენტთა რაოდენობის დადგენა და ასევე ის, საიდან შეიძლება მოსულიყო ისინი, გადამწყვეტია სიცოცხლის აღმოცენების ამბის გასარკვევად.

რიუგუს და ბენუს მსგავსმა ასტეროიდებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ინგრედიენტებით დედამიწის მომარაგებაში. ცნობილია, რომ ნახშირბადით მდიდარი ასტეროიდები მრავალი სხვადასხვა სახის ორგანულ მოლეკულას შეიცავენ, რომლებიც მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში წარმოიქმნა.

ბოლო წლებში, ორი საკმაოდ გაბედული მისია ასტეროიდთა ზედაპირზე დაეშვა, ნიმუშები შეაგროვა და დედამიწაზე ჩამოიტანა: იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) მისია Hayabusa2-მა ასტეროიდ რიუგუდან და NASA-ს მისია OSIRIS-REx-მა ასტეროიდ ბენუდან.

ბენუზე ხუთივე აზოტოვანი ფუძის აღმოჩენის შესახებ 2025 წელს გახდა ცნობილი. თუმცა, იმ დროისთვის, რიუგუს ნიმუშებში მხოლოდ ურაცილი იყო იდენტიფიცირებული.

ახალმა კვლევამ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. კოგამ და მისმა კოლეგებმა რიუგუდან ჩამოტანილი მასალის ორი ცალკეული ნიმუში შეისწავლეს და ორივეში აღმოაჩინეს ხუთივე აზოტოვანი ფუძე.

ასტეროიდები ერთადერთი კოსმოსური ქვები არაა, რომლებშიც მეცნიერებმა აზოტოვანი ფუძეები იპოვეს. კერძოდ, არსებობს ნახშირბადით მდიდარი ორი მეტეორიტი — კოსმოსიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ქვა — მარჩისონისა და ორგეილის მეტეორიტები, რომლებშიც ისინი ასევე აღმოაჩინეს.

მზის სისტემაში აზოტოვანი ფუძეების გადანაწილების უკეთესად დასადგენად, მკვლევრებმა რიუგუს კონტენტი შეადარეს ბენუსას, მარჩისონისას და ორგეილისას, რამაც რამდენიმე საინტერესო სხვაობა გამოავლინა.

ხუთი აზოტოვანი ფუძე ორ ოჯახად იყოფა: პურინები, რომელთაც მიეკუთვნება ადენინი და გუანინი; და პირამიდინები, რომლებშიც შედის ციტოზინი, თიმინი და ურაცილი.

რიუგუს პურინებისა და პირამიდინების თითქმის თანაბარი რაოდენობა ჰქონდა. ბენუ და ორგეილი მდიარი იყო პირამიდინებით, მარჩისონი კი პურინებით.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სხვაობები დაკავშირებული იყო ნიმუშებში ამიაკის დონესთან, რაც მიუთითებს, რომ ასტეროიდთა მშობელ სხეულში ქიმიური გარემო გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელი აზოტოვანი ფუძე წარმოიქმნება.

ასევე საკმაოდ დამაინტრიგებელია თიმინის აღმოჩენა. დნმ-ისა და რნმ-ის კომპონენტები ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. დნმ შედგება ადენინის, ციტოზინის, გუანინისა და თიმინისგან — სახელგანთქმულ აკრონიმ ACGT-ის წყარო. რნმ კი შედგენა ადენინის, ციტოზინის, გუანინისა და ურაცილისგან.

სიცოცხლის აღმოცენების შესახებ არსებულ ერთ-ერთ მოსაზრებას რნმ სამყაროს ჰიპოთეზა ჰქვია, რომლის თანახმადაც, პირველად რნმ შეიქმნა. თიმინი არის ურაცილის ქიმიურად მოდიფიცირებული ფორმა; ზოგადად მიჩნეულია, რომ პრებიოტურ ქიმიაში ურაცილის წარმოქმნა უფრო ადვილია, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ურაცილი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყო ადრეული დედამიწის იმ ქიმიაში, რომელმაც სიცოცხლის აღმოცენება განაპირობა.

ასტეროიდ რიუგუზე წინა ჯერზე მხოლოდ ურაცილის აღმოჩენა ამ ჰიპოთეზას მეტ ძალას სძენდა. ამჯერად თიმინის აღმოჩენა კი მიუთითებს, რომ ასტეროიდის ქიმიას ორივე აზოტოვანი ფუძის წარმოქმნა შეუძლია და არა მხოლოდ რომელიმე ერთისთვის უპირატესობის მინიჭება.

შედეგები მიუთითებს, რომ აზოტოვანი ფუძეების სინთეზი შეიძლება საკმაოდ გავრცელებული იყოს მზის სისტემის ნახშირბადით მდიდარ სხეულებზე, რომლებმაც შესაძლოა, პლანეტის ისტორიის ადრეულ ეტაპზე, ბომბარდირების პროცესის შედეგად, დედამიწაზე ამ ინგრედიენტთა სრული კრებული ჩამოიტანა.

„ხუთივე კანონიკური აზოტოვანი ფუძის დაფიქსირება კარბონატულ ასტეროიდ რიუგუსა და ბენუზე, წარმოაჩენს ამ ეგზოგენური მოლეკულების პოტენციურ წვლილს იმ ორგანულ ინვენტარში, რომლებმაც ხელი შეუწყო პრებიოტურ მოლეკულურ ევოლუციას და საბოლოოდ შესაძლებელი გახადა ადრეულ დედამიწაზე რნმ-სა და დნმ-ის გამოჩენა“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი