პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის სამძიმრის წერილი მიიღო.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ილია მეორის მნიშვნელოვან წვლილს ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში და საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი ეპოქის გავლენიანი სასულიერო მოღვაწის, ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
მისმა უწმინდესობამ ილია II-მ თავისი ცხოვრება მიუძღვნა საკუთარი ხალხისა და უნივერსალური ადამიანური ღირებულებების ერთგულ მსახურებას. კავკასიის რეგიონში მშვიდობის, ერთობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მან მილიონობით ადამიანის დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
მისმა უწმინდესობამ ილია ll-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში.
ამ მძიმე დანაკლისთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, სრულიად საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”, - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს