კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აგროსექტორში სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების მოდერნიზება აუცილებელია.
როგორც ბექა გონაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რიგ შემთხვევაში შესაძლოა, საჭირო იყოს პროგრამების კრიტერიუმების გამკაცრება, რათა საბიუჯეტო თანხები მაქსიმალურად ეფექტიანად დაიხარჯოს.
მისი თქმით, როდესაც საუბარია მსხვილ აგროპროექტებზე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო დაფინანსება.
“აგროსექტორში სახელმწიფო პროგრამების მოდერნიზება აუცილებელია. საკმაოდ კარგი პროექტებიცაა, მაგრამ მათი მოდერნიზების გარეშე ისინი უფრო შეიძლება ითქვას, რომ ამუხრუჭებენ [სექტორს] ან პირიქით, ცუდადაც მოქმედებენ. მგონია, რომ უფრო მეტად გართულებაა საჭირო, გააჩნია პროექტების სიდიდეს. სოციალურ თემას არ ვეხები, მაგალითად, ვიღაცას რომ ორი ძროხა უყიდო, ეს სხვა რაღაც არის, იმაში არ შევდივარ. რომელიც აგრომეურნეობად და აგრობიზნესად შეიძლება რომ განვიხილოთ, მას სჭირდება ცოტა მეტად “ხელის მოჭერა”. “ხელის მოჭერაში”, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმას, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს ცოდნის დონე აწეული და შემდეგ უნდა ეძლეოდეს ადამიანს ფული.
ადრე თუ იყო უფრო მეტი პრობლემა, როგორ მიღებულიყო ასეთი ცოდნა, დღეს აღარ არის ისეთი რთული. ამიტომ შეიძლება სხვადასხვა საშუალებებით, მოკლევადიანი კურსებით მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება და მერე თანხის მიცემა. თორემ დღეს ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, რომ ვიღაცას ფულს მივცემთ და იმან საქმის კეთება რომ არ იცის, შეცდომებს რომ დაუშვებს, მერე დაბრალდება ყველას გარდა საკუთარი თავისა. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი სახელმწიფოს მიერ [აგროპროექტებში] ფულის დახარჯვაში”, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობამ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების მიმართულებით ცვლილებები დაანონსა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართულებით რეფორმა გატარდება და აპრილიდან ფერმერებისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ახალი მიმართულებები იქნება ხელმისაწვდომი.