აშშ-ში ლაბორატორიაში წარმოებული ქათმის ხორცის გაყიდვა დაიწყო. შესაბამისი ნებართვა ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გასცა.
ახალი ტექნოლოგია ცხოველთა და ფრინველთა დახოცვის გარეშე, ლაბორატორიაში, ცხოველური წარმომავლობის ხორცის წარმოების საშუალებას იძლევა.
ლაბორატორიაში წარმოებული ხორცი მზადდება ცოცხალი ცხოველებისგან ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან აღებული უჯრედებისგან. კულტივირებული უჯრედები შერეულია სხვა ინგრედიენტებთან (ცხიმები, შაქარი, ამინომჟავები, ვიტამინები) და ლაბორატორიებში, უჟანგავი ფოლადის ავზებში იზრდება.
დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში უჯრედები მწიფდება, მრავლდება და ხორცის კუნთებს ქმნის, რომლებიც შემდეგ ჩვეულებრივი ხორცის მსგავსად, სხვადასხვა ფორმით შეიძლება მომზადდეს.
ლაბორატორიაში წარმოებული ქათმის ხორცი ორმა კომპანიამ, Upside Foods-მა და Good Meat-მა, უკვე შეიტანა რესტორნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და უახლოეს პერიოდში საცალო სასურსათო მაღაზიებშიც გამოჩნდება.
ლაბორატორიაში კულტივირებული ხორცის უპირატესობა ისაა, რომ ხორცის უჯრედები დაკლულ ცხოველს არ ეკუთვნის. ეს ტექნოლოგია ასევე ამცირებს ხორცის წარმოებისთვის საჭირო დროს და გარემოზე ზემოქმედების ზიანს, თუმცა ტრადიციულ წარმოებასთან შედარებით გაცილებით ძვირი ჯდება.


