საქართველოში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი თითქმის ყველა საკვებ პროდუქტზე შემცირდა. 2022 წელს წინა წელთან შედარებით ფრინველის ხორცით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 37%-ან 34%-მდე შემცირდა, კვერცხის შემთხვევაში კი, 98%-ან 96%-მდე.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს მიზეზებს, რა იწვევს წარმოების შემცირებას.
„არასტაბილურ სიტუაციას ქმნის იმპორტი. როცა პროდუქციას აწარმოებ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ მის რეალიზაციას მოახდენ. ჩვენს ქვეყანაში კი, ბაზარი ისეა მოწყობილი, რომ ექსპორტზე პროდუქცია ვერ გაგვაქვს. ყველა ქვეყანას ჩაკეტილი ვყავართ სხვადასხვა ბერკეტებით და მექანიზმებით. საქართველოში კი ყველას შემოაქვს, ვისაც არ ეზარება ფრინველის ხორციც და კვერცხიც. ამ პირობებში წარმოების გაზრდაზე ფიქრი შეუძლებელია. ეს საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად აისახება ბაზარზე და თვითუზრუნველყოფაზეც", - განაცხადა უჩუმბეგაშვილი.
მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს კომუნალური და სხვა ხარჯების ზრდაც.
„წიწილა გარკვეულ კონდიციამდე უნდა იყოს 35 გრადუს ტემპერატურაში და ზამთარში ამ ტემპერატურის შენარჩუნებას რა მოცულობის გაზი და კომუნალური ხარჯი სჭირდება რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრზე, რთული წარმოსადგენი არ არის. გასული წლის 1-ლი იანვრიდან კი ელექტროენერგიის ხარჯი 100%-ით გაზი 50%-ით გაგვიძვირდა. ამასთან, მუშახელის ხარჯიც რადიკალურად სხვაა.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ მეწარმის მიზანი არასოდესაა ფასის ზრდა, რადგან ასე რეალიზაცია იკლებს, თუმცა ხშირად ეს გარდაუვალია, რათა ბიზნესი გადარჩეს", - ამბობს უჩუმბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან".