მსხვილ კრიპტო მაინერებს მოეთხოვებათ, რომ წარმოადგინონ ინფორმაცია რამდენ ენერგიას მოიხმარენ. ამას აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) ითხოვს. ინიციატივა კრიპტოვალუტის მაინინგის რეგულირების მცდელობის ნაწილია და ამის მიზეზი, ინდუსტრიის მიერ დიდი რაოდენობით ენერგია გახდა. ამის შესახებ Tom's Harware წერს.

ახალი წესები შემოღებულ იქნა EIA-ს მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტის მაინინგი აშშ-ში წარმოებული ელექტროენერგიის 2,3%-მდე მოიხმარს.

„ჩვენ კონკრეტულად გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ ვითარდება მოთხოვნა ენერგიაზე კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, განვსაზღვრავთ მაღალი ზრდის გეოგრაფიულ ზონებს და ელექტროენერგიის წყაროებს, რომლებიც კრიპტოვალუტის მაინინგზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება“, - განაცხადა EIA-ს ადმინისტრატორმა ჯო დეკაროლისმა.

ვარაუდობენ, რომ ამ გზით აშშ-ს მთავრობა ცდილობს კრიპტოვალუტის მაინინგის „ჩახშობას“, რაც გავლენას ახდენს ელექტრო ქსელის სტაბილურობაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. პოტენციურად შეუზღუდავმა მაინინგმა შეიძლება გამოიწვიოს საყოფაცხოვრებო ენერგიის მაღალი ხარჯები და ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემები პიკის საათებში. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, EIA-მ გამოავლინა 137 დიდი კრიპტო-მაინინგი ობიექტი შეერთებულ შტატებში.

გარდა ამისა, EIA აღნიშნავს, რომ კრიპტო მაინინგის ოპერაციების რაოდენობა შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ენერგიის მოხმარება ქვეყანაში ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 0,6-დან 2,3%-მდე გაიზარდა.

EIA-მ დაადგინა, რომ 2020-2022 წლებში აშშ-ის გლობალური წილი ბიტკოინის მაინინგში გაიზარდა 3.4%-დან 37.8%-მდე. ბიტკოინის მაინინგის ენერგიის მოხმარება მთელ მსოფლიოში, სავარაუდოდ, გლობალური მოთხოვნის 0.2%-დან 0.9%-მდე იქნება, რაც ისეთი ქვეყნების ენერგიის მოხმარებას უდრის, როგორიცაა საბერძნეთი ან ავსტრალია.