ელექტრონული კომერციის ასოციაციამ ბიზნესომბუდსმენს მიმართა. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი თამუნა გოგოლაშვილი BMG-სთან აცხადებს, სექტორში კრიზისია და გამოწვევებზე სასაუბროდ ბიზნესომბუდსმენისგან ელიან შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას.

მისი თქმით, გამოწვევაა საერთაშორისო კონკურენცია, რაც ადგილობრივ კომპანიებს ბაზარზე არათანაბარ პირობებს უქმნის.

"ელექტრონულ კომერციაში მნიშვნელოვანი კრიზისული პერიოდი გვიდგას, როგორც ელკომერციის მაღაზიებს, ასევე საფოსტო-საკურიერო კომპანიებს, რომლებიც ელკომერციაში მოღვაწეობენ. შესაბამისად, ამ კრიზისთან დაკავშირებით, მივმართეთ პირველ ეტაპზე ბიზნესომბუდსმენს, რათა მას უკვე გაეწია შუამდგომლობა სხვადასხვა უწყებებთან. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე შევხვდეთ ეკონომიკის სამინისტროს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, ასევე ფინანსთა სამინისტროს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აწუხებს ადგილობრივ ელექტრონულ კომერციას და საფოსტო-საკურიერო კომპანიებს. ძირითადად, ეს უკავშირდება საერთაშორისო კონკურენციის გაძლიერებას, მათ შორის, ქროსბორდერული ონლაინ მაღაზიების გააქტიურებას, რაც არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებს და სხვადასხვა საფოსტო-საკურიერო კომპანიებს",- ამბობს თამუნა გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, გამოწვევის გადასაჭრელად სექტორისთვის გარკვეული შეღავათებია საჭირო. ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საკითხი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს და ასევე დღგ-ს ნაწილით საგადასახადო უწყებები დაინტერესდნენ.

"მთავარი საკითხები, რაზეც გვინდა საუბარი სხვადასხვა უწყებებთან, არის ის, რომ ელექტრონული კომერცია იყოს თანაბარ პირობებში სხვადასხვა საერთაშორისო კონკურენტებთან მიმართებაში, თუნდაც დაწესდეს რაღაცა შეღავათები ადგილობრივი ელკომერციისთვის. მეორე საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ შეისწავლოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მიწოდების ფასების გენერირება როგორ ხდება, არის თუ არა დემპინგური მოთამაშეები ბაზარზე და აზიანებენ თუ არა ისინი ამ ბაზარს თავიანთი არაკონკურენტული ფასებით.

ძირითად პრობლემას წარმოადგენს საერთაშორისო გადამზიდების მუშაობა, რომლებიც 18%-ს, ანუ დღგ-ს, არ იხდიან ბიუჯეტში ადგილობრივი ლასთმაილ მიწოდების ფარგლებში, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებს ადგილობრივ საფოსტო კომპანიებს. შესაბამისად, ჩვენი სურვილი არის, რომ შემოსავლების სამსახურმა, ფინანსთა სამინისტრომ შეისწავლონ ეს საკითხი და დაადგინონ, არის თუ არა არათანაბარი, არაკონკურენტული გარემო ამ კუთხით და, შესაბამისად, მიიღონ ზომები, რომ ბაზარზე თანაბარი პირობები შეიქმნას ყველა კომპანიისთვის",- აცხადებს თამუნა გოგოლაშვილი.

ასოციაციის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ დარგი, რომელიც 2020 წლის შემდეგ ასტრონომიული სიჩქარით ვითარდებოდა, ბოლო ორი წელია ფაქტობრივად ქრება.

"ჩვენ ბოლო ორი წელია ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესი ღრმა კრიზისში შევიდა. ბევრი ონლაინმაღაზია, უბრალოდ, იკეტება, მათ შორის, დაკეტვის საფრთხის წინაშე არიან სხვადასხვა საფოსტო-საკურიერო კომპანიები, ისინი უშვებენ თანამშრომლებს, მცირდება მათი მასშტაბები. თუ ასე გაგრძელდება, ფაქტობრივად, შეიძლება ელექტრონული კომერციის კოლაფსი მივიღოთ",- ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი.

bm.ge