აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ თეთრ სახლს სააგენტო „ესოშიეთიდ პრესისთვის“ პრეზიდენტის ღონისძიებებზე სრული წვდომის აღდგენა დაავალა. საოლქო სასამართლოს მოსამართლე ტრევორ მაკფედენმა თავისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაასაბუთა.

„პირველი შესწორების თანახმად, თუ მთავრობა კარს გაუღებს ზოგიერთ ჟურნალისტს – იქნება ეს ოვალური ოფისი, აღმოსავლეთის ოთახი თუ სხვა – მას არ შეუძლია, დაკეტოს ეს კარი სხვა ჟურნალისტებისთვის მათი შეხედულებების გამო“, – წერს მაკფადენი გადაწყვეტილებაში.

მოსამართლემ განკარგულების აღსრულება ერთი კვირით გადადო, რითაც მთავრობას მისცა ვადა პასუხისა ან გასაჩივრებისთვის. როგორც სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მედიასაშუალების რეპორტიორსა და ფოტოგრაფს არ მისცეს თეთრი სახლის მედიაკორპუსთან ერთად პრეზიდენტის ავტოკოლონასთან თანხლების საშუალება.

თებერვალში, მას შემდეგ, რაც „ესოშიეთიდ პრესმა“ უარი თქვა, მექსიკის ყურეს „ამერიკული ყურე“ უწოდოს, ტრამპის ადმინისტრაციამ აუკრძალა მის კორესპონდენტს ოვალურ კაბინეტში ტრამპის ღონისძიებების გაშუქება და მასთან საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე მოგზაურობების დროს ყოფნა.

საპასუხოდ, მედიასაშუალებამ 21 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციის სამი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კერძოდ, თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის, აპარატის უფროსის, სიუზი უაილსისა და მისი მოადგილის, ტეილორ ბიდოვიჩის წინააღმდეგ.

1tv.ge