ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს თეირანი და ვაშინგტონი შემდეგ კვირაში, 19 აპრილს გამართავენ. ინფორმაციას Associated Press ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დღეს, 12 აპრილს ომანში გაიმართა.
როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ "ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს".
ამერიკელ ოფიციალურ პირებს შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 19 აპრილს გაიმართება, განცხადება არაღჩიმ გააკეთა.
დღევანდელი შეხვედრა ომანის დედაქალაქ მუსკატში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიყო. მხარეებმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ილაპარაკეს.
როგორც ცოტა ხნის წინ Reuters ომანელ წყაროზე დაყრდნობით წერდა, "მოლაპარაკებების მთავარი თემა რეგიონული დაძაბულობის შემცირება, ტყვეთა გაცვლა და ირანზე დაწესებული სანქციების შერბილების სანაცვლოდ აშშ-ს მხრიდან ბირთვული პროგრამის კონტროლი" იყო.
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბადრ ალ-ბუსაიდთან შეხვედრა გამართა და ამერიკული მხარისთვის გადასაცემად თეირანის "ძირითადი პოზიციები" წარუდგინა.
ამერიკული გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს აპირებს გამოვიდეს წინადადებით, რომ ორ ქვეყანას შორის დროებითი ბირთვული გარიგება დაიდოს, სანამ მხარეები ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებს გამოცემას ევროპელმა დიპლომატმა და საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
19 მარტს Axios წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.
ორი წყაროს თქმით, ირანულ მხარეს მიაჩნია, რომ ორი თვის განმავლობაში რთული და ღრმად ტექნიკური ბირთვული შეთანხმების მიღწევა არარეალურია.
"როგორც ჩანს, ირანელები ფიქრობენ, რომ მდგრადი შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა იმ ვადაში, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს აქვს განზრახული. მაშასადამე, შესაძლოა საჭირო იყოს დროებითი შეთანხმების განხილვა, როგორც სადგომად საბოლოო შეთანხმების მიღწევის გზაზე". - ამბობს ალი ვაეზი, International Crisis Group-ის ირანული პროექტის დირექტორი.
წყარო: tabula.ge