აშშ და რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში ამერიკული ნავთობკომპანიების რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლო შეთანხმებებს შორისაა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, „სახალინ-1“-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკული და რუსული ნავთობკომპანიების ერთობლივი საქმიანობის განახლება, ასევე აშშ-ის კომპანიების ჩართვა რუსული ნავთობის ევროპაში, „დრუჟბას“ ნავთობსადენით მიწოდების აღდგენის პროცესში.

წყაროების თანახმად, მოსკოვი აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების სწრაფად აღდგენას ცდილობს, თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი შეთანხმებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, ხოლო ამერიკული კომპანიები რუსულ ბაზარზე დაბრუნებას ფრთხილად ეკიდებიან.