მინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ დავიღლებით, განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან 15 თვის შემდეგაც რუსეთს ისევ აქვს უკრაინის დამორჩილების სურვილი და სწორედ ამიტომ საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად გრძელვადიანი ინსტრუმენტების უზრუნველყოფა.
„ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურთ. ისინი, ვისაც მშვიდობა ყველაზე მეტად უნდათ, არიან უკრაინელები. უკრაინელებს უნდათ მშვიდობა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვინდა, რომ უკრაინა გახდეს მეორე ბელარუსი“, – განაცხადა ბორელმა.