J.P. Morgan-ს თბილისში რეგიონული ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრის ყოველწლიურ ტრადიციად ქცევა სურს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამის შესახებ J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში, ნიკოლას სტინბერგენმა, განაცხადა.

„მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად“, - თქვა სტინბერგენმა.

მისი თქმით, J.P. Morgan-ს საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი საოცარი მასპინძელი და პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამის გაგრძელებას, რათა მომავალში ეს ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ“, — განაცხადა მან.

შეხვედრა თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გაიმართა. მას 15-მდე ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, თურქეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.