კომპანია Nestle საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა შესაძლო გზას განიხილავს მას შემდეგ, რაც კრემლმა შვეიცარიული კომპანიის რუსულ ბიზნესზე კონტროლი დაამყარა.
Reuters-ის ინფორმაციით, Nescafe-სა და KitKat-ის მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, Nestle-მ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების შესახებ ინფორმაცია მიიღო და ამჟამად ვითარებას აფასებს.
„Nestle მზადაა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი უფლებების დასაცავად და ბიზნესოპერაციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად — ყველა დაინტერესებული მხარის და, განსაკუთრებით, თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Nestle-ს რუსეთში ექვსი საწარმო და დაახლოებით 7 000 თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის ბოლო საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წელს რუსეთში მისი გაყიდვების მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც Nestle-ს, ფრანგული Auchan-ისა და რამდენიმე სხვა უცხოური კომპანიის რუსული აქტივები „დროებით მმართველობაში“ გადავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აქტივების მართვა მოსკოვში რეგისტრირებულ L.E.V. Management-ს დაევალა.
რუსეთმა უცხოური კომპანიების კუთვნილ აქტივებზე კონტროლი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაამკაცრა. 2023 წელს პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება მოსკოვს საშუალებას აძლევს, იმ ქვეყნების კომპანიების აქტივები, რომლებსაც რუსეთი „არამეგობრულად“ მიიჩნევს, დროებით სახელმწიფო მართვაში გადაიყვანოს.