2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9% შეადგინა, თუმცა ეკონომიკური აქტივობის დინამიკა სხვადასხვა სექტორში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ყველაზე მაღალი ზრდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ასევე შინამეურნეობების საქმიანობის სექტორებში დაფიქსირდა.
საქსტატის დეტალური მონაცემებით, აპრილ-ივნისში ყველაზე მაღალი, 29%-იანი ზრდა შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობებისა და საკუთარი მოხმარებისთვის საქონლისა და მომსახურების წარმოების სექტორში აღირიცხა. თუმცა სექტორის ეკონომიკური მასშტაბი მცირეა - მისი მოცულობა 21.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც მთლიან ეკონომიკაში მხოლოდ 0.08%-იანი წილია.
ზრდის ტემპით მეორე ადგილზე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი იყო. აღნიშნულ დარგში ეკონომიკური აქტივობა წლიურად 19.8%-ით გაიზარდა, სექტორის მოცულობამ კი 1.57 მილიარდი ლარი შეადგინა.
მესამე პოზიციაზე ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორი გავიდა, რომელიც აზარტული თამაშების ინდუსტრიასაც მოიცავს. სექტორში ზრდამ 17.4% შეადგინა, მისი ეკონომიკური მოცულობა კი 1.1 მილიარდი ლარი იყო.
ამასთან, მეორე კვარტალში ეკონომიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, კლება დაფიქსირდა მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სახის მომსახურების სექტორებში.
შესაბამისად, 2026 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების მიმართულებები იყო, მაშინ როდესაც მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში ეკონომიკური აქტივობა შემცირდა.
მეორე კვარტალში საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 28.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, ხოლო რეალურმა წლიურმა ზრდამ 6.9% შეადგინა.
| # | ეკონომიკური საქმიანობის სახეები | ზრდა/კლება | სექტორის ზომა მეორე კვარტალში მლნ ლარი |
| 1 | შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის | 29.10% | 22 |
| 2 | ტრანსპორტი და დასაწყობება | 19.80% | 1572 |
| 3 | ხელოვნება, გართობა და დასვენება | 17.40% | 1089 |
| 4 | ინფორმაცია და კომუნიკაცია | 16.60% | 1892 |
| 5 | ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | 15.00% | 1014 |
| 6 | წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები | 12.70% | 215 |
| 7 | პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 9.20% | 573 |
| 8 | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 8.50% | 1438 |
| 9 | საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | 8.00% | 3705 |
| 10 | განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები | 7.90% | 1079 |
| 11 | დამმუშავებელი მრეწველობა | 7.30% | 2222 |
| 12 | ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება | 7.30% | 489 |
| 13 | სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება | 6.20% | 1620 |
| 14 | უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 4.90% | 2261 |
| 15 | სამთო-მოპოვებითი მრეწველობა | 4.60% | 320 |
| 16 | ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 0.20% | 294 |
| 17 | განათლება | 0.00% | 1584 |
| 18 | სხვა სახის მომსახურება | -2.20% | 235 |
| 19 | სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | -3.50% | 1599 |
| 20 | მშენებლობა | -4.80% | 1611 |