ნიკრისის ქარს ხშირად უკავშირებენ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას ან არაჯანსაღად კვებას, მაგრამ როგორც კვლევა მიუთითებს, გენეტიკა ამ ართრიტული დაავადების განვითარებაში იმაზე მეტ როლს ასრულებს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ახალ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 2,6 მილიონი ადამიანის გენეტიკური მონაცემები შეისწავლა დნმ-ის მონაცემთა 13 სხვადასხვა კოჰორტიდან. მათგან 120 295 ადამიანს პოდაგრა, იგივე ნიკრისის ქარი ჰქონდა.

ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა ნიკრისის ქარის მქონე და არმქონე ადამიანთა გენეტიკური კოდები და ასე გამოავლინა დნმ-ის 377 კონკრეტული რეგიონი, სადაც არსებობდა დაავადების მქონეთათვის სპეციფიკური ვარიაციები; აღსანიშნავია, რომ მათგან 149 აქამდე ნიკრისის ქართან დაკავშირებული არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების სტილი და გარემოებითი ფაქტორები მაინც ასრულებენ როლს, აღმოჩენა მიუთითებს, რომ გენეტიკა მთავარ როლს ასრულებს ნიკრისის ქარის განვითარების ალბათობაში. მკვლევართა განცხადებით, მრავალი გენეტიკური კავშირი ჯერ კიდევ აღმოუჩენელია.

„პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც გენეტიკური საფუძველი აქვს და არ წარმოადგენს დაავადებულის ბრალეულობას — მითი იმის შესახებ, რომ ის ცხოვრების წესით ან კვებით არის გამოწვეული, უნდა გაცამტვერდეს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ახალი ზელანდიის ქალაქ ოტაგოს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ტონი მერიმანი.

ნიკრისის ქარი მაშინ ჩნდება, როცა სისხლში შარდმჟავას მაღალი დონეა, რაც შემდეგ სახსრებში წარმოქმნის ნემსებივით წვეტიან, ბასრ კრისტალებს. როდესაც იმუნური სისტემა ამ კრისტალებზე თავდასხმას იწყებს, ჩნდება ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი.

მკვლევართა ვარაუდით, გენეტიკა ამ პროცესის ყოველ ეტაპზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი, გავლენას ახდენს სხეულის იმუნური სისტემის მიერ კრისტალებზე თავდასხმის ალბათობაზე და ორგანიზმში შარდმჟავას გადატანის გზებზე.

პოდაგრა შეიძლება გაჩნდეს და გაქრეს, მაგრამ არსებობს სამკურნალო საშუალებებიც. კვლევის ავტორთა განცხადებით, არასწორმა შეხედულებებმა შეიძლება პაციენტებს ამ სამკურნალო საშუალებებზე უარი ათქმევინოს. სწორედ ესაა ის რეალური პრობლემა, რის გამოც ამ დაავადების შემთხვევები იმატებს და იმატებს.

„ფართოდ გავრცელებული მითი ნიკრისის ქარის მქონე ადამიანებს არცხვენს, რის გამოც, ზოგიერთი ადამიანი ჩუმად იტანჯება და ექიმთან არ მიდის წამლების მისაღებად, რომლებიც სისხლში შარდმჟავას დაბლა დაწევს და ტკივილს თავიდან ააცილებთ“, — ამბობს მერიმანი.

ვრცლად პირველ არხზე