დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჩვენი სახეობა უნიკალური იყო მკაცრ კლიმატურ პირობებზე (უმშრალესი უდაბნო თუ გაუვალი ტროპიკული ტყეები) მორგების თვალსაზრისით. თუმცა, როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, სასტიკ გარემო პირობებში ცხოვრებას სულ მცირე ზოგიერთი ჩვენი წინაპარიც მოერგო.

კვლევა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა; ისინი ტანზანიაში, ოლდუვაის ხეობაში მუშაობდნენ. მკვლევრებმა შეისწავლეს გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვლები, მცენარეთა ნამარხები, დანალექები და ქვის იარაღები.

ამ ნაშთების დეტალური ანალიზის გამოყენებით შექმნეს თანამედროვე ადამიანის პირდაპირი წინაპრის, ჰომო ერექტუსის კლიმატი და აქტივობები. ნიშნები მიუთითებს ჰიპერარიდულ, შედარებით არახელსაყრელ გარემოზე, რომელშიც ჰომინინების ეს უძველესი სახეობა არა მხოლოდ ცხოვრობდა, არამედ რამდენჯერმე დაბრუნდა კიდეც.

„ჩვენ მიერ შესწავლილი ბიოგეოქიმიური, პალეოგარემოებითი და არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ადრეულ ჰომოს ჰქონდა მრავალფეროვან და არასტაბილურ გარემოსთან მორგების უნარი, აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული ხეობიდან აფრომონტანის რეგიონებამდე, ჯერ კიდევ ორი მილიონი წლის წინ“, — ამბობს ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი და არქეოლოგი მაიკლ პეტრაგლია.

მაგალითად, ნახშირის მიკროსკოპული ნარჩენების დახმარებით მკვლევრებმა განსაზღვრეს, როდის და სად ხდებოდა ტყის ხანძრები. დანალექების ანალიზით კი დაადგინეს მდინარეებისა და ტბების ცვლილებები.

ოლდუვაის ხეობაში აღმოჩენილი ქვის იარაღები გვეუბნება, როგორ ნადირობდნენ და მუშაობდნენ ჩვენი ადრეული წინაპრები, ცხოველთა ძვლების ნაშთები კი მოგვითხრობს, რომელ ცხოველებს ხოცავდნენ და როგორ.

მთლიანობაში, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ უძველეს ჰომინინებს საკმარისი რესურსები ჰქონდათ, რათა ეპოვათ ჭამის, სმისა და უდაბნოში გადარჩენის გზები. გამოდის, რომ ადაპტირებადობა მხოლოდ ჰომო საპიენსის ექსკლუზივი არ არის.

ვრცლად პირველ არხზე