2030 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში 622 მლნ ადამიანი დარჩება. შიმშილი და არასრულფასოვანი კვება კი გავლენას დაახლოებით იმავე რაოდენობაზე მოახდენს, - ასეთია მსოფლიო ბანკის გათვლა, რომელიც ორგანიზაციას გლობალური ეკონომიკის პერსპექტივის განახლებულ ანგარიშში უწერია.
გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიშის მიხედვით, განვითარებადი ეკონომიკებისთვის მომავალი 25 წელი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბოლო 25 წელი იყო.
განახლებულ ანგარიშში მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ახალი გლობალური სავაჭრო შეზღუდვების ეფექტზეც ვინაიდან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობის ზრდაა მოსალოდნელი.
საფინანსო ინსტიტუტის თანახმად, განვითარებადი ეკონომიკები უფრო ურთიერთდამოკიდებულნი გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდის შეფერხებას ფართო ეფექტი აქვს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, განვითარებად ქვეყნებში ზრდა არასაკმარისი იქნება სიღარიბის დასაძლევად და განვითარების მიზნების მისაღწევად. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ზრდის ტემპების მდგრადი გაუმჯობესების გარეშე, დღევანდელი 26 დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მხოლოდ 6 მიაღწევს საშუალო შემოსავლის სტატუსს 2050 წლისთვის.