2025 წლის ლოგოებს თუ გადავხედავთ, ბევრ საინტერესოს აღმოვაჩენთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანზე საზოგადოდ უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, თავად დიზაინერული საზოგადოება სრულიად განსხვავებულ პროექტებზე ჩურჩულებდა ერთმანეთში. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი), სადაც გამოჩნდა, რომ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს სისტემურად შლის მინიმალიზმისკენ სწრაფვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დიზაინსამყარომ მაინც გამოავლინა ლოგოები, რომლებიც ნახვად ნამდვილად ღირს და რომლებზეც წელს ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ.
Cracker Barrel

Cracker Barrel-ის რებრენდინგი აგვისტოში ერთ-ერთი ტოპამბავი იყო. ერთი შეხედვით, რესტორნების ქსელმა გაამარტივა ლოგო, ამოიღო „ძველი დროის“ სიმბოლო და მოდერნიზაცია გაუკეთა ტიპოგრაფიას. მეორე მხრივ კი, ლოგოს გარშემო, როგორც დიზაინერებისგან, ისე სხვა ადამიანებისგან, არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მიიღო.
შეფასება თქვენთვის მოგვინდვია.
Walmart

Walmart-ის განახლებამ თავდაპირველად სოციალურ მედიაში გარკვეული შენიშვნები გამოიწვია, თუმცა დიზაინის საზოგადოებამ ის ევოლუციური ბრენდინგის მაგალითად აღიარა.ჯონს ნოულს რიჩის ნამუშევრებში უფრო თამამი ფორმები, უფრო კაშკაშა ყვითელი და უფრო მუქი „ნამდვილი ლურჯი“ იყო წარმოდგენილი, პლუს ტიპოგრაფია, რომელიც დამფუძნებლის სემ უოლტონის 1980 წლის ბეისბოლის ქუდით იყო შთაგონებული.
Adobe

Adobe-ს განახლება, რომლის ინსპირაციაც მარვა უორნოკის 1982 წლის დიზაინია, ისე გამოიყურება, თითქოს ის ყოველთვის ამ ფორმით არსებობდა.
Bentley

Bentley-ის ლოგოს მეხუთე ევოლუცია 106 წლის განმავლობაში სწორად შესრულებული ბრენდინგის განახლების მაგალითია. მისი ფრთები გახდა უფრო მკვეთრი და დრამატული, რითაც მეტად დაემსგავსა შევარდენს. ის შეფასდა, როგორც Bentley-ს დიზაინის ენის ახალი ერის დასაწყისი.

ვითომ არაფერი, მაგრამ გრადიენტულმა „G“-მაც კი დაიმსახურა მოწონება წინა ვერსიის მოძველებული შეგრძნების გამო.
Amazon

ერთ-ერთი პოზიტიური და შედარებით წარმატებული მაგალითია Amazon-ის რებრენდინგი. ბრენდის ლოგო, დამუშავებული ტიპოგრაფიითა და უფრო თბილი ფერებით, დაეხმარა კომპანიას შეენარჩუნებინა ცნობადობა და მეტად გაესვა ხაზი ციფრულ სტრატეგიაზე.
Colgate-Palmolive

Colgate-Palmolive-მა განახლებული კორპორაციული იდენტობა 2025 წლის აგვისტოში წარადგინა. ეს არის დეტალურად გააზრებული ახალი იდენტობა, რომელზეც წამყვანი ფერი გახდა ნათელი ლურჯი და შეთავსებულია ტეგლაინთან – “Make More Smiles”, რასაც ასო C-სა და ასო P-ს შორის თეთრი სივრცე ქმნის.
OpenAI

OpenAI-მ განაახლა თავისი ლოგო და ბრენდის იდენტობა 2025 წელს, რაც კომპანიის დაარსების შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ახალი ნიშანი უფრო სუფთად გამოიყურება, შუაში მეტი სივრცით და გლუვი ხაზებით. ის გამოიყენება სხვადასხვა ზომის აპლიკაციებში, ვებსაიტებზე ან ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ChatGPT.
მათ ასევე წარმოადგინეს საკუთარი შრიფტი, სახელწოდებით OpenAI Sans, რომლის ასოებიც გეომეტრიულია.
Eventbrite

Eventbrite-მა 2025 წლის დასაწყისში განაახლა თავისი ლოგო და ვიზუალური იდენტობა, რათა ჩვეულებრივი ბილეთების გაყიდვის საიტიდან – კულტურულ ცენტრად გადაქცეულიყო. მათ წარმოადგინეს ახალი სიმბოლო სახელწოდებით „გზა“, დინამიკური, ფუნჯის სტილის ნიშანი.
ეს ცვლილება მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე რეაქციაა. Eventbrite-მა დაადგინა, რომ ახალგაზრდების 95%-ს სურს თავისი ონლაინინტერესები რეალურ ცხოვრებაში გამოიტანოს და ბრენდს სჭირდებოდა ვიზუალი ამ ემოციური მოგზაურობის გამოსახატავად, რომელიც ცნობისმოყვარეობით დაიწყებოდა და საერთო მოგონებებით მთავრდებოდა.
ლოგოები არასდროს არის ერთგვაროვანი. ისინი იცვლება ბრენდთან, ბაზართან და ინსტრუმენტებთან მიმართებით. 2025 წელმა ბევრი ცვლილება აჩვენა – მინიმალიზმით დაწყებული, თამამი გადაწყვეტილებებით დამთავრებული. ზოგიერთი განახლება წარმატებული გამოდგა, ზოგმა კი შეგვახსენა, თუ რამდენად არიან ადამიანები მიჯაჭვულნი ნაცნობ ლოგოებზე. ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის კი დასკვნა მარტივია: ლოგო გრაფიკაზე მეტია.