სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომ საქართველოში საერთაშორისო ბრენდის ტურისტული ობიექტები დემპინგური ფასებით სარგებლობენ და პატარა სასტუმროები კონკურენციას ვეღარ უწევენ, ჰოტელიერი მაია წერეთელი არ ეთანხმება. მან "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა, რომ არსებული ფასები ქართული ბაზრის შესაბამისია და გაძვირება - არარეალისტური.
"დემპინგურ ფასებს ვერ დავარქმევდი, მგონი უნდა შევეჩვიოთ, რომ ის ფასები და სეგმენტი, რომელშიც ახლა ვართ, არის ჩვენი რეალური ფასი და ვეღარ გავაგრძელებთ პარიზის და რომის ფასებით ოპერირებას. ადგილობრივ ბაზარზე სასტუმროების მიწოდება იმდენად დიდია, რომ ის ფუფუნება, რაც წინა წლებში გვქონდა, ვერ განმეორდება. ცხადია, არსებობს ფასთა ცვლილება და პატარა სასტუმროები ხშირად, სიფრთხილის გამო ვარდებიან ისეთი სიტუაციაში, როდესაც დრამატულად აგდებენ ფასებს, რომ მეტი სტუმარი მოიზიდონ, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. გვჭირდება განათლება საფასო პოლიტიკის, ფასწარმოების, მარკეტინგის, გაყიდვების მიმართულებით; არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი ასეთ განათლებას არ გვთავაზობს საქართველოში და შედეგი სახეზეა.
საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში გვაქვს დინამიკური ფასები, როდესაც სისტემა აღიქვამს ბაზარზე არსებულ ფასებს და აკეთებს მოდიფიკაციას; თუ სისტემა ხედავს, რომ ბაზარზე, კონკურენტ სასტუმროებში ფასი დაბალია, რა თქმა უნდა, შესაბამის შეთავაზებას აკეთებს, თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას, მაგალითად თბილისსა და ბათუმში, 5-6 წამყვანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მაგალითზე, დატვირთულობა საკმაოდ მაღალია: 70%-ია თბილისის მაგალითზე ჩვენს კონკურენტ სასტუმროებში, ბათუმში 75%-საც კი აღწევს - ეს საკმაოდ მაღალი დატვირთვაა აპრილისთვის, საშუალო ფასიც საკმაოდ ნორმალურია. ასე რომ, მეტი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ პატარა სასტუმროებში, რომ შესაბამისი ფასი მივიღოთ და დატვირთვა გვქონდეს. არ ვემხრობი რეგულირებას და მინიმალური ფასის დადგენას, ეს სრულიად მიუღებელია", - განაცხადა Marriot-ის, Hilton-ისა და Wyndham Garden-ის სასტუმროების მმართველი კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაია წერეთელმა "საქმიანი დილას" ეთერში.
ჰოტელიერმა აღნიშნა, რომ ტურისტი, რომელიც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშიც მოგზაურობს, საქართველოში მაღალი ღირებულების სასტუმროში არ დარჩება, რის გამოც სექტორმა უნდა დაადგინოს ადეკვატური საფასო პოლიტიკა, რათა, ჭარბი მიწოდების პირობებში, სასტუმროებმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.
"ვფიქრობ, კარგად უნდა გადავხედოთ სექტორმა ფასებს და დავადგინოთ, რა არის მისაღები. უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან, რაც გვაქვს. არაბული ქვეყნებიდან ტურისტები ევროპაშიც მოგზაურობენ, ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოშიც და მათ იციან, რა არის მათთვის მისაღები ხარჯი ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის და არავითარ შემთხვევაში არ გადაიხდიან იგივე თანხას აქ, რასაც პარიზში, რომში თუ ლონდონში. ეს ყველაფერი გამჭვირვალე გახადა სოციალურმა ქსელებმა, უნდა შევეგუოთ, რომ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც საშუალო ფასი 250 დოლარი ექნება. მცირე და საშუალო სასტუმროებმა სეგმენტაცია უნდა მოახდინონ და თავიანთ ხარჯებს გადახედონ. სოკოებივით გამრავლდნენ სასტუმროები თბილისში, დიდი არჩევანია, რაც ერთი მხრივ კარგია, მაგრამ ჭარბი მიწოდებაა, რაც ფასებზე გავლენას აუცილებლად იქონიებს", - განმარტა მაია წერეთელმა.