წინასწარი ჯავშნები უცხოეთიდან შემოგვდის, თუმცა აქტიური ტურისტული სეზონი მაისიდან იწყება, - ამის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე პირველი საოჯახო სასტუმროს "ზებოს" დამფუძნებელმა ზებურ ბოლქვაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს დამსვენებლების 90%-ს უცხოელები შეადგენენ, მათ შორის, ყველაზე მეტი დამსვენებელი ავსტრიიდან და გერმანიიდანაა.

"მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიან სოფლებში მდებარე სასტუმროების ნაწილი ზამთარში დაკეტილია. ჩვენც ჯერჯერობით დაკეტილი ვართ და ვფიქრობთ, რომ მაისში გავიხსნებით, რადგან აღნიშნულ თვეში ჯავშანი უკვე გვაქვს. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან. პანდემიის შემდეგ, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს გერმანიიდან, ავსტრიიდან და ასევე, ამერიკიდან. ჩამოსულ სტუმრებს ქართული ყველაფერი აინტერესებთ. მათ შორის, ადგილზე ვაცნობთ აჭარის ტრადიციულ მეფუტკრეობას და ქართული თაფლი ძალიან მოსწონთ. ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობა ჩვენს სასტუმროში დაახლოებით, 10%-ს შეადგენს", - აცხადებს "ზებოს“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება მოლოდინებს - ზებურ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად საოჯახო სასტუმრო გარკვეულწილად რემონტდება და სამომავლოდ უკეთესი მაჩვენებლების იმედი აქვს.

ცნობისთვის, სასტუმრო "ზებო" აჭარაში, სოფელ გობრონეთში 2007 წელს დაფუძნდა. მთიანი აჭარის ამ უძველეს სოფელში მუდმივად მხოლოდ თხუთმეტამდე ოჯახი ცხოვრობს. თუმცა ბათუმიდან 55 კმ-ში მდებარე ულამაზეს ადგილს ტურისტები არ აკლია.

საოჯახო სასტუმროს პარალელურად მოწყობილია ეთნო ეზო, სადაც გამოფენილია ძველი აჭარული ნივთები და სხვადასხვა აქსესუარი. პროექტი მიზნად ისახავს გობრონეთი რეგიონში ტურისტულ ცენტრად იქცეს.

bp.ge