საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით ჩარტერული რეისები გაუქმდა. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია. როგორც  Go Tour-ის ხელმძღვანელმა  ნინო წიკლაურმა  „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, აღნიშნული ტურისტული მიმართულება ერთადერთია საქართველოში, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა გავლენა იქონია.

მისივე განმარტებით, საომარმა მოქმედებებმა მომხმარებელი შეაშინა, მათ ტურების აქტიური გაუქმება დაიწყეს, რის გამოც როგორც ტუროპერატორებმა, ისე ამ ხაზზე მომუშავე ავიაკომპანია Air Cairo-მ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ფრენები შეეჩერებინათ, ვინაიდან ავიაკომპანიას  ფრენა უკვე ცარიელი ბორტით მოუწევდა.

„ჩარტერული რეისების გაუქმება მოთხოვნის ვარდნის გამო მოხდა და არა საფრთხის გამო, რადგან ამჟამად, ეგვიპტის არც ერთ სანაპირო ზოლზე არ არის საფრთხე და იქ არსებულ კურორტებზე, სასტუმროები უცხოელი დამსვენებლებით სავსეა“, - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.

მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოდან ეგვიპტისკენ ფრენები ზამთრის სეზონზე, კერძოდ 31 დეკემბრიდან აღდგება.

„რაც შეეხება ზამთართან დაკავშირებულ სხვა პროგნოზებს, აქტიურ ზამთრის სეზონს ველოდებით. უკვე გვაქვს ჯავშნები ისეთი თბილი მიმართულებებით, როგორებიცაა - მალდივები, შრი-ლანკა, გოა“, - განაცხადა Go Tour-ის ხელმძღვანელმა.

ნინო წიკლაური მიმდინარე შემოდგომის სეზონსაც აფასებს აცხადებს, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, რაც მთელ მსოფლიოშია, პანდემიის პერიოდში მოგზაურობაზე დაგროვილი მოთხოვნა კვლავ ნარჩუნდება და შესაბამისად, მზარდია გაყიდული ტურისტული პაკეტების რიცხვი.

როგორც ნინო წიკლაური აღნიშნავს, წინა წლის შემოდგომის პერიოდთან შედარებით, მათი კომპანიის შემთხვევაში, მომხმარებლის მომართვიანობა 20-25%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე აქტიურად ჯავშნები შემოდგომის თვეებში ევროპის ქვეყნების მიმართულებით კეთდება, ასევე მოთხოვნადია თბილი და ეგზოტიკური ქვეყნები.

bp.ge