100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, - ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და "კომერსანტს" ექსკლუზიურად მიაწოდა.

"ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს - 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის  ეკონომიკაზე წლიურად აისახება -  1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

 "კომერსანტი" ამ სტატიაში მხოლოდ რეგიონულ განვითარებაში დასავლური დაფინანსების  "დანაკლისს" გაგაცნობთ.

"საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი" შეჩერების საფრთხეს ხედავს შემდეგი პროექტებისთვის:

1.ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროექტი - რომელიც  გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP), შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობების 700 მლნ ლარის,  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, სავარაუდოდ შეფერხებების წინაშე აღმოჩნდება. პროექტის მნიშვნელობას განსაზღვრავს მისი  მიზანი, კერძოდ  ქვეყნის რეგიონების თანასწორი და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.  შედეგობრივად,   პროექტით  245 000 მოქალაქე ისარგებლებს

2.დიდი ალბათობა არსებობს, დაპაუზების საფრთხის ქვეშ  აღმოჩნდეს, აზიის განვითარების ბანკის (ADB), 315 მლნ ლარის (215 მლნ ლარი - 2026 წლისთვის დაიხარჯება) დაფინანსების ქალაქების საინვესტიციო პროექტი - რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურული ხასიათისაა და  ითვალისწინებს,  საბავშვო ბაღების მშენებლობას სამეგრელოში, კახეთში, ახალციხეში, თეთრიწყაროში, გურიაში. ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის, რუსთავში, ახალციხესა და ზუგდიდში სპორტული კომპლექსების ასევე  ზ. გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობას.

3.ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) 300 მლნ ლარის დაფინანსებით (სესხის დაფარვის ვადა 25 წელი) - ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდა თბილისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. მათ შორის „მზიურის“ პარკის აღდგენას. ამ თვალსაზრისით, ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდება ამ პროექტის დაპაუზება.  პროექტის საერთო მიზნებიდან გამომდინარე,  არსებობს დარჩენილი ფინანსური სახსრები, რომლის ათვისებაც, შესაძლოა შეჩერდეს,  მათ შორის,  რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის, მცირე ზომის პროექტების - გზების, ქუჩების, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია.

4.ქვეყნის რეგიონების სიმეტრიულად  განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია, მსოფლიო ბანკის (WB) მიერ 270 მლნ ლარით (100 მლნ ლარი - 2026 წლისთვის დაიხარჯება) დაფინანსებული  მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში რეგიონალური განვითარების პროექტის განხორციელება. ქვემოთ წარმოადგენილი ჩამონათვალიც საკმარისია, რომ გაკეთდეს დასკვნა, თუ, ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისით, რაოდენ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ქვეყნის რეგიონები, პროექტის შეჩერების პირობებში. სამცხე - ჯავახეთის რეგიონი:  ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია, აბასთუმნის მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია, დაბა აბასთუმნის რეკრეაციული პარკ „როშას” რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასტროფიზიკური ობსერვატორიისთვის ტელესკოპისა და გუმბათის მიწოდება და მონტაჟი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი:  დუშეთის ისტორიული ქუჩების განახლება, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისათვის ინვენტარის შეძენა, დაბა სტეფანწმინდაში, ალ. ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაცია, ყაზბეგის, ფშავ - ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტებში ვიზიტორთა ბილიკებისა და მთის ქოხების მოწყობა.

5.მნიშვნელოვანი და მასშტაბურია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 300 მლნ ლარით დაფინანსებული (58 მლნ ლარი - 2024 წელს გამოიყოფა) - სესხის ხანგრძლივობა 26 წელი,  საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების  პროექტის განხორციელება - რომლის მიზანია საქართველოს მასშტაბით ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესება. პროექტებს შორისაა 20 საბავშვო ბაღის, რეგიონებში  საცურაო აუზებისა და სპორტკომპლექსების მშენებლობა. ბუნებრივია დიდი დანაკლისი იქნება რეგიონებისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება.

6.ევროკავშირის (EU) მიერ 186 მლნ ლარით დაფინანსებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტი -  მოიცავს - კახეთის, იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთის რეგიონებს. პროგრამა ითვალისწინებს, ინფრასტრუქტურული ობიეტების განვითარების, bottom up (ქვემოდან-ზემოთ) დეცენტრალიზებულ მიდგომის პრინციპის დანერგვას. რაც მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად განახორციელონ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. თვაალნათელია, თუ, რაოდენ დიდი გავლენა ექნება ცალკეულ რეგიონებზე, ბიზნესზე ორიენტირებული ასეთი სახის პროექტის შეჩერაბას.

7.ადგილობრივი თვითმმართველობის 63 მუნიციპალიტეტში, ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა, ეფექტურობის და გამჭირვალობის გასაზრდელად წინგადადგმული ნაბიჯია, მსოფლიო ბანკის (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ 110 მლნ ლარით  დაფინანსებული მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების პროექტი  ეტაპობრივად  2019 წლიდან  ხორციელდება და  მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს რეგიონების მუნიციპალიტეტების განვითარებაში.

8. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) მიერ 60 მლნ ლარით დაფინანსებული - ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტი - მნიშვნელოვნათ ეხმარება, ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესს. აგრეთვე, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, საჯარო სერვისების გაუმჯობესების და ადგილობრივი შემოსავლების ზრდას. 

შემდეგი სტატია ამ თემაზე, სადაც საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის მიმართულებით დასავლური პროექტების შეჩერების საფრხეზე გაიგებთ, გამოქვეყნდება ზუსტად ერთ საათში, 15 საათზე.

"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა  მიმართულებას:

  • რეგიონალური განვითარება,

  • საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები,

  • მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა,

  • ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა, 

  • სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა,

  • გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა,

  • საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა,

  • ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები - კაპიტალის ბაზრის განვითარება,  ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.